ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დღეს ჩატარებული სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭო იძლევა რეკომენდაციას, ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დეკემბერში დაგეგმილ საბჭოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
„ევროკავშირის საბჭო იძლევა რეკომენდაციას, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულებულია, კანონის უზენაესობის განმტკიცების, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციის კონტროლისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით. საბჭო ელოდება ამ გადაწყვეტილების დამტკიცებას დეკემბერში დაგეგმილ სხდომაზე“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის გაფართოება არის ჩვენ კონტინენტზე მშვიდობის, დემოკრატიის, აყვავების, უსაფრთხოების და სტაბილურობის ძლიერი ღუზა“.
„ამ გადაწყვეტილებით საბჭო აგზავნის ძლიერ სიგნალს, რომ ის ევროკავშირის გაფართოების ერთგულია“, – განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიკულაშ ბეკმა.