ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარი ილვა იოჰანსონი ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კორუფციის მიმართ ევროპარლამენტს ნულოვანი ტოლერანტობა ექნება.
„გასულ პარასკევს ანტიკორუფციის საერთაშორისო დღე იყო და ამ დღეს აღმოჩნდა, რომ ბელგიის მართლმსაჯულება 17 მისამართზე ჩხრეკას ატარებდა, საუბარია კორუფციაზე და ფულის გათეთრებაზე. ბოლომდე არ ვიცით რა გამოიკვეთება და რამდენად ფართოა ეს ქსელი, მაგრამ, პირველ რიგში უნდა განვაცხადოთ, რომ კორუფციის მიმართ ევროპარლამენტს ექნება ნულოვანი ტოლერანტობა. კორუფცია არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას, საზოგადოებას, ეკონომიკას. მინდა ტაში დავუკრა ბელგიის პროკურატურას. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ამიტომ ასე ვიტყოდი: სირცხვილი თქვენ, ვინც იღებთ ქრთამს, გახვეულია კორუფციაში, დაარღვიეთ კანონი, სირცხვილი მათ, ვინც გადაწყვიტეთ, რომ პარლამენტში პოზიცია მიზნების ღირებულებების საწინააღმდეგოდ გამოგეყენებინათ და ნდობა დაგერღვიათ იმ ამომრჩევლების, ვინც თქვენგან ინტერესების დაცვას ელოდება და არა თქვენი პირადი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას“, - განაცხადა ევროკომისარმა.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.