"თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, ჩვენ იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები" -, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არის ვიდეომასალა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას.
„რა თქმა უნდა, გარკვეულ სიმულაციებთან ნამდვილად გვაქვს საქმე, ეს თამამად შეიძლება ვთქვათ. მე არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები ნამდვილად არის და ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო მასაც და მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულფასოვან მკურნალობას ჩვენ ვერ ვხედავთ და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი. როდესაც რაიმეს ვამბობ, ამას აქვს დამადასტურებელი მასალა. არის ვიდეომასალა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანი ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას. ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის და სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და იმის დადასტურება, რომ საქართველოში არავის აწამებენ, თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, ჩვენ იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები. ეს კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ოპონენტი მიმართავს ყველა შესაძლო ბინძურ ხერხს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესს შეეშალოს ხელი და საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს არასწორი წარმოდგენა. ამის ნათელი დასტურია ის, რომ როდესაც ისინი საუბრობენ დასკვნის კონფიდენციალურობაზე, მეორე ხელით აქვეყნებენ ისეთ ფოტოებს და საუბრის ჩანაწერებს, რომელიც ცალმხრივად ხელს უწყობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.