logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ცენტრი „ემპათია“ ატარებდა ექსპერტიზას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სწორედ ამ პერიოდშია გადაღებული ეს ფოტო, რომელიც ჩვენგან სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო გამოქვეყნდა
- +

13 დეკემბერი. 2022. 21:56

"ჩვენ მოვისმინეთ ადვოკატისგან, რომ ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული დასკვნა უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური. ეს ცენტრი ატარებდა ექსპერტიზას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და ამ მიზნით ჩვენ მივეცით საშუალება, რომ ჩამოსულიყვნენ უცხოელი ექსპერტებიც, რომლებიც ჩაუტარებდნენ შესაბამის კვლევებს და დადებდნენ დასკვნას. სწორედ ამ პერიოდშია გადაღებული ეს ფოტო. ეს არის ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც ჩვენგან სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო გამოქვეყნდა," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ასევე, ჩვენ ვიხილეთ საუბარი, რომ ვითომდა სასწაულებრივი გზებით იქნა მოპოვებული სანდო წყაროსგან და ასევე, შემდგომში გავრცელდა საუბარი ექსპერტთან, სადაც მსჯავრდადებული სააკაშვილი საუბრობდა, რომ თითქოს იგი აწამეს. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს - შეგნებულად ხდება დასკვნიდან ცალკეული მომენტების ამოღება და გამოქვეყნება და საბოლოო ჯამში სურათის იმგვარად წარმოდგენა, თითქოსდა სახელმწიფო არის მწამებელი და ცდილობენ, რომ სახელმწიფოსგან მტრის ხატი ჩამოყალიბდეს. ბუნებრივია ამ ყველაფერს ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებულ რეალობასთან საქმე. სახელმწიფომ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილი ყველა უფლების უზრუნველსაყოფად გააკეთა ყველაფერი, დაწყებული ჯანმრთელობის უფლებიდან დასრულებული ყველა სხვა უფლებით. მაგრამ ამ პერიოდში ჩვენ ასევე ვიხილეთ, სამართალდამცველებისთვის ხელშეშლა, თანამშრომლებზე შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის სასამართლო პროცესის ხელშეშლაც, როდესაც „ვივამედში“ შესული იყო პროკურორი და იქ მსჯავრდადებულმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პროცესი არ ჩატარებულიყო. ეს არის მანიპულაციური ხასიათის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს რა პროცესშიც ვიმყოფებით ახლა. ესაა ევროინტეგრაციის პროცესი, მაშინ როდესაც მთელი საზოგადოება ერთად უნდა ცდილობდეს რომ ქვეყანა წარმოაჩინოს საუკეთესო კუთხით, ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულად ოპონენტების და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, სურათის ისე წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და თითქოსდა ვინმეს აწამებენ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ნათელი იყო თვითდაზიანების რეჟიმი სააკაშვილის მხრიდან და ამის ყველაზე მარტივი დასტური არის ის, რომ თავდაპირველად გამოაცხადა შიმშილობა, შემდგომში გადავიყვანეთ საავადმყოფოში, როცა დაბრუნდა, შემდეგ კიდევ იყო შიმშილობის ხანმოკლე ეპიზოდი და გაზაფხულზე, 12-ე დაწესებულებაში, როდესაც მას ჰქონდა დანიშნული შესაბამისი მკურნალობა ის იკვებებოდა შერჩევით და ასევე იღებდა მედიკამენტებსაც შერჩევით. რა არის ეს ყველაფერი, თუ არა თვითდაზიანების მცდელობა? ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, იმისთვის, რომ გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner