"სახელმწიფომ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილი ყველა უფლების უზრუნველსაყოფად გააკეთა ყველაფერი, დაწყებული ჯანმრთელობის უფლებიდან, დასრულებული ყველა სხვა უფლებით," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ სურათის ისე წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები.
„ამ პერიოდში ჩვენ ასევე ვიხილეთ, სამართალდამცველებისთვის ხელშეშლა, თანამშრომლებზე შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის სასამართლო პროცესის ხელშეშლაც, როდესაც „ვივამედში“ შესული იყო პროკურორი და იქ მსჯავრდადებულმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პროცესი არ ჩატარებულიყო. ეს არის მანიპულაციური ხასიათის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს რა პროცესშიც ვიმყოფებით ახლა. ესაა ევროინტეგრაციის პროცესი, მაშინ როდესაც მთელი საზოგადოება ერთად უნდა ცდილობდეს რომ ქვეყანა წარმოაჩინოს საუკეთესო კუთხით, ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულად ოპონენტების და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, სურათის ისე წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და თითქოსდა ვინმეს აწამებენ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ნათელი იყო თვითდაზიანების რეჟიმი სააკაშვილის მხრიდან და ამის ყველაზე მარტივი დასტური არის ის, რომ თავდაპირველად გამოაცხადა შიმშილობა, შემდგომში გადავიყვანეთ საავადმყოფოში, როცა დაბრუნდა, შემდეგ კიდევ იყო შიმშილობის ხანმოკლე ეპიზოდი და გაზაფხულზე, 12-ე დაწესებულებაში, როდესაც მას ჰქონდა დანიშნული შესაბამისი მკურნალობა ის იკვებებოდა შერჩევით და ასევე იღებდა მედიკამენტებსაც შერჩევით. რა არის ეს ყველაფერი, თუ არა თვითდაზიანების მცდელობა? ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, იმისთვის, რომ გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება“, - განაცხადა ბრეგაძემ.