logo_geo
eng_logo
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს
- +

14 დეკემბერი. 2022. 10:14

 

 

 

პარლამენტის წევრების: კახა კახიშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ანტონ ობოლაშვილის და ირმა ზავრადაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა.

 

საკანონმდებლო ინიციატივაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა პირველი მოსმენით ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს სხდომას შორის ფუნქციების განაწილება მოხდება. მისივე თქმით, ცვლილება მერის თანამდებობაზე ასარჩევად დაწესებულ ასაკობრივ ცენზსაც შეეხება და იგი 25 წლით განისაზღვრება.

 

„ცვლილების შემდეგი ნაწილი მერისა და საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტას უკავშირდება. მოქმედი რედაქციით, კალენდარული წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში,  თუ მერის წარდგენილ ბიუჯეტს საკრებულო არ დაამტკიცებს,

 

ორივე მათგანის უფლებამოსილება ვადაზე ადრე წყდება. ჩვენ მოვიძიეთ მაგალითები და არც ერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი მოდელი არ არსებობს. ქვეყნის მასშტაბითაც ასეა - თუ პარლამენტი პრემიერ-მინისტრს არ დაუმტკიცებს ბიუჯეტს, არც ერთი უფლებამოსილება არ წყდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ შესასწორებელია ის საკითხი, რაც თვითმმართველობის კუთხით არის ჩაწერილი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა.

 

კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრებმა ბიუჯეტის არ დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს დათხოვნის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიტიკური შეფასებები მისცეს.

 

კახა კახიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მეორე მოსმენით წარდგენამდე, დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება, სადაც კოდექსში შესატანი ცვლილებები  დაზუსტდება.

 

საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა სხდომაზე განხილულ საკანონმდებლო ინიციატივას და პლენარულ სხდომაზე საკითხის პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.

 

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner