რატი ბრეგაძემ განმარტა რატომ გაასაჯაროვა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი კადრები. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ სახელმწიფოსგან შექმნან მტრის ხატი და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო ადამიანს აწამებს და ამავდროულად ურღვევს მას სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ჩვენ ვთქვით გუშინ, რომ თუკი ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, არ შეწყდებოდა, გავასაჯაროებდით კადრებს. და ამის პასუხად რა მივიღეთ? დღეს ხელახლა დაიწყო საუბარი, რომ თითქოს ჩვენ ვაწამებთ ამ ადამიანს“, - განაცხადა ბრეგაძემ.
„როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, სახელმწიფოსგან მტრის ხატის ჩამოყალიბებას და იმგვარი აღქმის დამკვიდრებას, თითქოს სახელმწიფო არის მწამებელი, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არავის აწამებენ და პირიქით, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს ადამიანის უფლებები ზედმიწევნით იყოს დაცული. სწორედ ამიტომ, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ გასაჯაროებული ეს კადრები“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.