"როგორც წესი, კრიზისული სიტუაცია უფრო ცხადად გვიჩვენებს რეალობას და სიმართლეს. საბოლოო ჯამში, გარკვეული კულმინაცია არის ის, რასაც ვაკვირდებით სააკაშვილის პერსონის გარშემო და ამან გვაჩვენა, რასთანაც გვაქვს საქმე," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობენ ე.წ. საქართველოს მეგობრები, რომელთა ამოცანაც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება და ბიძინა ივანიშვილის დასჯაა.
„თუ ყველაფერს დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, სინამდვილეში, 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ე.წ. მეგობრებს არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ. საქართველოს გულშემატკივრები არ არიან. მთავარი ინტერესი არის დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად ხელისუფლებას ჩამოაშორა მათი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი და დააბრუნონ სააკაშვილი ხელისუფლებაში. ეს არის მთავარი ამოცანა, რასაც 2012 წლიდან მოყოლებული ვუყურებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.