„არ ვაპირებთ რაიმე კონსულტაციები ვაწარმოოთ შენობის იჯარასთან დაკავშირებით, სანამ ლევან გაჩეჩილაძე და მისი გუნდი არ გააკეთებენ განმარტებებს იმ უსამართლო ბრალდებებსა და შეურაცხყოფაზე, რომელსაც ჩვენი მისამართით დღემდე აგრძელებენ, თითქოსდა ჩვენ გავძარცვეთ "მაესტრო", - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს" დამფუძნებლების კოტე გოგელიასა და მაკა ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ტელეკომპანიის დამფუძნებლები განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ასევე ველოდებით განმარტებას, რამდენად მისაღებია მათთვის ეგრეთ წოდებული რუსული ფულით შეძენილ შენობაში გააგრძელონ მოღვაწეობა და ვინაიდან უარს ვაცხადებთ მათ მივცეთ ამ შენობით სარგებლობის უფლება, დიდი ინტერესით დავაკვირდებით, თუ რომელი ქვეყნის ფულით შეძენილი შენობაში შესთავაზებენ ჟურნალისტებს ალტერნატიულ ფართს.
მივმართავთ "მაესტროს" გადარჩენის ლოზუნგით მოსულ "გუნდს", რომლებმაც ასე წარმატებულად და ძალისმიერად მოახერხეს აეღოთ თავის თავზე პასუხისმგებლობა, ჩვენს მიმართ არსებულ ვალდებულებებზე, პირველ რიგში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ვალების გადახდა და მხოლოდ ამის შემდგომ მისცენ თავიანთ თავს უფლება, ისაუბრონ სხვისი კერძო საკუთრების იმედად თავიანთი ბუნდოვანი გეგმების შესახებ.
ჩვენის მხრივ კი პირობას ვდებთ "მაესტროელების" წინაშე, რომ ვალდებულებების ფარგლებში დაბრუნებული თითოეული თეთრი მოხმარდება ისევ "მაესტროს" მაუწყებლობას, მის კიდევ უფრო გაძლიერებას და განვითარებას.
ერთგული ვრჩებით ჩვენი პრინციპის მიმართ, რომლის მიხედვითაც "მაესტროს" არ განვიხილავთ, როგორც ცალკეულ ქონებას ან შპს-ს. ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანების ერთობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არაფერს დავიშურებთ, რათა მისი მაუწყებლობა იყოს ხელშეუხებელი", - წერია განცხადებაში.