logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს, რომ ფეხები ისეთ დღეში არ აქვს, როგორც მოლაშვილს ჰქონდა
- +

15 დეკემბერი. 2022. 14:28

 

 

„სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შემდეგ „ნაცმოძრაობა“, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მიშას ადვოკატები და მიშას ხოტბისშემსხმელი ადამიანები პენიტენციური სამსახურს აკრიტიკებენ და ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ სააკაშვილის მორალური წამება ხორციელდება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას.

 

ჩიხელიძე განმარტავს, თუ რატომ იყო აუცილებელი მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება.

 

„რეალურად რა ვნახეთ კადრებში და რატომ იყო აუცილებელი კადრების გასაჯაროება? კადრებში ვნახეთ სახელმწიფოს მაღალი პასუხისმგებლობა, რომელიც პატიმარზე ზრუნვას გულისხმობს, სრულად არის დაცული პატიმრის სიცოცხლის უფლება, პატიმარ სააკაშვილს მასზე მორგებული მკურნალობის კურსით მკურნალობენ, მაგრამ სააკაშვილის არაადეკვატური ქცევა, ექიმების არდამორჩილება და ა.შ. ამცირებს მკურნალობის კურსის ეფექტურობას.

 

კადრებში ვიხილეთ, რომ პატიმარი სააკაშვილი საზოგადოებას ატყუებს, ასევე, საზოგადოებას ატყუებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი ექსპერტთა ჯგუფი, რომლის დასკვნაც რეალურ სურათს არ ასახავს. გვატყუებენ მიშას ადვოკატები და მნახველები, რომლებიც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მიშას სიკვდილამდე საათია დარჩენილი, მიშა ვერ ჭამს ვერ გადაადგილდება და ა.შ. სახელმწიფოს სიმართლის ჩვენებისთვის აბულინგებენ, მიშას კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის, საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის და საზოგადოების ემოციებზე თამაშისთვის არავინ სთხოვს პასუხს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილის კადრების ჩვენება აუცილებელი და საჭირო იყო, რადგან საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს, რა ხდება რეალურად, ვინ არის მართალი და ვინ ტყუის. სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს, რომ ფეხები ისეთ დღეში არ აქვს, როგორც მოლაშვილს ჰქონდა, ან ციხეში საკაცით არ გადაიყვანეს, როგორც დავით მირცხულავა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner