ავტორი ბიძინა დვალი
ტიპმა - იმიტომ ჩამოვედი, რომ არეულობა მომეწყო და ხელისუფლება დამემხო და რა მოხდა მერეო? რა დიდი ამბავი ესაა, მსგავსი სად არ ყოფილაო... ხომ ხედავთ, არაფერი გამომივიდა და ასეთი რა დაგემართათ, რა სამართალი და სამართლიანობა აგიტყდათ, ერთი კაცის თავისუფლებაზე ყველა რომ გაგიჟდით და გადაირიეთო? მე რომ კანონის უზენაესობისთვის მესმინა და სახელმწიფო ინტერესზე მეფიქრა, ასეთი დიდი ავტორიტეტი და მთელი ევროპა-ამერიკის ხელისგულზე სატარებელი კი არ ვიქნებოდიო...
„საქართველოს ევროპელმა მეგობრებმა“ - ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გაუშვათ! მართლა და მართლა, ხომ არ გადაუტრიალებია, არა?.. რა მოხდა ერთი მცდელობაო. ძალოსნობის დიდ ტურნირებზე სპორტსმენებს თითო ბარიერის გადალახვაზე სამ-სამი ცდა ეძლევათ და ეს პოლიტიკაც ხომ ერთგვარი დიდი ტურნირია, კუნთების თამაშით. თუ მაგრები ხართ, გაუშვით და მეორე და მესამე მცდელობებსაც თუ გაუძლებთ, იქნებ თავი დაგანებოთ ამ ჩვენი ცოდვით სავსემაც და ჩვენცო, თორე-ე... „დემოკრატიის უკუსვლის“ ავტორების იარლიყს არ მოგაცილებთო...
დედამ - ეს ქვეყანა მისი აშენებულია და რასაც უნდა იმას იზამს... ხან გამოუვა და ხან არა... აბა როგორ გინდათო...
შვილმა - დედას გეფიცებით, თვითონ არ უნდოდა, სხვებმა ჩამოიყვანეს, შეცდომაში შეიყვანეს, ამბოხისთვის ყველაფერი მზად არისო და ისიც მისი გულუბრყვილო ხასიათის გამო ენდოო. დედას ტყუილზე ხომ არ დავიფიცებო. ჩემ გულწრფელობაში ვინმეს ეჭვი რომ არ შეეპაროს და სოფო, ლიზა და კიდევ ვიღაც-ვიღაცებზე გადატანა რომ არ იფიქროთ, დავაზუსტებ, სანდრა-დედიკოს გეფიცებითო... რაც შეეხება წარსულის მძიმე დანაშაულებს და სინანულის არარსებობას, მაშინ პატარა ვიყავი და ამის შესახებ არაფერს მიყვებოდნენ და საიდან უნდა ვიცოდეო... თანაც, ეს „სინანულის არარსებობა“, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, ჩვენს მოთხოვნებთან რა კავშირშიაო...
ბიძამ და ძმებმა - ვინც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, დროზე გაანძრიოს ერთი ადგილი, თორემ არ დავინდობთ და მათ სახელებს ყველა „უბორნიის“ კედელზე მივაწერთო...
ხატიამ, სალომემ, ლიაკამ, თაკომ, ეკამ, თინამ, ნონამ, ნანუკამ, ინგამ, ანამ, თეონამ (კინაღამ ხუხაც მივათვალე) და სხვა „სულიერმა დებმა“ (მეგი ძ ა ა ნ დამაკლდა) - საავადმყოფოს კადრების ნახვაზე, გულში ერთი კი გაიფიქრეს, „ეს არის მთავარსარდალი და ოცნების მამაკაციო?“, მაგრამ არაფორმალური თავმჯდომარის, დეიდა კელისა და სხვა დამკვეთ-დონორთა დასანახად წყევლა-კრულვით აიკლეს საახალწლოდ გაჩახჩახებული რუსთაველი (რა ქნან, მათაც ჰყავთ ოჯახები) - ხომ ვამბობდით, „მსოფლიო შუქურას“ ხალხს უმალავენო. აი, ნახეთ, წამებით და მოწამვლებით პუტინმა სულ ბანძ ჩმორს დაამსგავსა ეს ჩვენი ნაპოლეონი, ბისმარკი, ჰერა-კლე და ზოგიერთის ჯინაზე, კალიგულაზე არანაკლები კალიგულა სამას მეექვსე პალატიდანო... მინდოდა სიტყვა ჩამეგდო - არასწორად გაგიგიათ, კალიგულა ის იყო, რომში რომ გრიალებდა. ჩვენი, როგორც უზნეობის მწვერვალზე მდგარი იმ „იდეური წინაპრის“ კარიკატურა, ქართულ ქალაქურ ფოლკლორში ორმაგი შინაარსის მატარებელ „ქალიგულად“ მოიხსენიება მეთქი, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე...
ბაიდენმა - ახლა თქვენთვის არა მცალია, მარადიული ღირებულებების ნგრევის გზაზე ახალი დიდი ნაბიჯი გადავდგი, რევოლუციურ კანონს მოვაწერე ხელი და მომეცით საშუალება, ცოტა ხნით დავტკბე წინა თაობების მიერ ცოდვილის კლიშეებისთვის განწირული ერთსქესიანი წყვილების ბედნიერებითო - „მშობელი 1 + მშობელი 2 = ოჯახს“... და საერთოდ... ამ თქვენი სააკაშვილის არაფერი ვიცი. ჯიმის, ჯინის, ვიქტორიას, კურტისა და კელის საკურატოროა (იმ მეორე კელის, იანს, ვერ შევაგნებინე, რომ უკვე პენსიაშია გაშვებული. აუჩემებია - მიშა, მიშა,..). ამ სპეცსამსახურების ჩახლართულ გეგმებს რას გაუგებ კაცი(?). მეგობრებო, თუ ოდნავ გიყვარვართ, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ, პოლიტიკაზე ფიქრი ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა ტრიბუნამდე ისე მივიდე განცხადებების წასაკითხად, რომ გზაზე მარცხი არაფერი მომივიდეს და უკანაც როგორმე მშვიდობით დავბრუნდე, ხომ იცით, მარცხი ელანძიაო... მერე გაიფიქრა - სულ დამავიწყდა, სიტყვა „მშვიდობა“ არ უნდა მეხმარაო...
ეჰ... ჩემო კარგო ქვეყანა, ნეტა თავზე არ დაგვექცეოდეს ეს ნეოლიბერალური არქიტექტურით მშენებარე ბაბილონის გოდოლი...
ჭირი იქა, ლხინი აქა!..
ბიძინა დვალი
15.12.2022 წ.