იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ მინისტრის საათის ფარგლებში სისტემური დამისამართების პროექტზე „სისტემური დამისამართება 2022-2024“ ისაუბრა და ქვეყანაში სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზები განიხილა.
„დღეის მდგომარეობით საქართველოში სოფლების 78% იყო დაუმისამართებელი. როდესაც ადამიანი ჩავა სოფელში და აინტერესებს, სად ცხოვრობს მისი მეგობარი/ნაცნობი, ის პრაქტიკულად ვერ მიიღებს ზუსტ მისამართს და კითხვა-კითხვით უნდა მიაგნოს, რაც, ბუნებრივია, 21-ე საუკუნეში დიდ პრობლემას წარმოადგენს და ათეული წლებია გრძელდება“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ პროექტის განხორციელება დაიწყო. 2024 წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით, პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტი და სოფელი იქნება დამისამართებული.
პროექტის დასრულების შემდეგ, ყველა სახლს ექნება მისამართი, რომელიც ადამიანის იდენტობის პრაქტიკულად განუყოფელი ნაწილია. აღმოიფხვრება პრობლემები, რომლებიც ხშირად არსებობს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.