logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: შრომის ბაზრის სეგმენტში პოზიტიური ტენდენციები მთლიანად განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების აქტიური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკით
- +

16 დეკემბერი. 2022. 15:39

 

 

„საქართველოს ეკონომიკის დინამიკური განვითარების პარალელურად, პოზიტიური რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძვრები შეინიშნება სამამულო შრომის ბაზარზეც. იზრდება სამუშაო ადგილებისა და დასაქმების მაჩვენებლები. ბოლო ერთწლიან პერიოდში დასაქმების მაჩვენებელი თითქმის 80 ათასით გაიზარდა, ხოლო სამუშაო ადგილების რაოდენობა - კიდევ უფრო მეტად - არანაკლებ 105 ათასით“, - ამის შესახებ ეკონომისტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, 2022 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) და 1595 ლარს მიაღწია.

 

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, შრომის საშუალო ანაზღაურება გაიზარდა ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის სისტემური განვითარების ხასიათს:

 

„2022 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) და 1595 ლარს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში ინფლაციის დონის გათვალისწინებით (+11.0%), ეროვნულ ეკონომიკაში დაქირავებით დასაქმებულთა რეალური ხელფასი თითქმის 5.0 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი საშუალო ხელფასის ზრდის გათვალისწინებით, თვეზე გაანგარიშებით, დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის საშუალო თვიურმა ფონდმა 2022 წლის მესამე კვარტალში დაახლოებით 310 მლნ. ლარით (27.2%-ით) გადააჭარბა წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

აღსანიშნავია, რომ შრომის საშუალო ანაზღაურება გაიზარდა ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის სისტემური განვითარების ხასიათს. ლარის აშშ დოლართან გამყარების (9.5 პუნქტით) გათვალისწინებით, აშშ დოლარებში დენომინირებულმა საშუალო ხელფასმა 2022 წლის მესამე კვარტალში 565 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 126 აშშ დოლარით (28.8%-ით) აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

ამასთან, ქალების საშუალო ხელფასი შეადგენს მამაკაცების საშუალო ხელფასის 66.4 პროცენტს, ხოლო არასაწარმოო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი - ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის 80.5 პროცენტს. საწარმოო სექტორში საშუალო ხელფასის წინმსწრები ზრდა არასამეწარმეო სექტორთან შედარებით (შესაბამისად, 17.8%-ით და 13.1%-ით) ადასტურებს საქართველოს ბიზნესსექტორის მზარდ ეფექტიანობას და აღნიშნულ სექტორში დასაქმების მაღალ მოტივაციას.

 

მთლიანობაში, შრომის ბაზრის სეგმენტში პოზიტიური ტენდენციები მთლიანად განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების აქტიური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკით, ბიზნესის სტიმულირებით, ამ უკანასკნელის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობით და იმ გაწონასწორებული პოლიტიკით, რაც არამდგრადი და მაღალი რისკების შემცველი საგარეო ვითარების პირობებში უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობის, ბიზნესის წარმოების და ინვესტიციებისათვის მზარდი მომხიბვლელობის შენარჩუნებას“, - წერს იოსებ არჩვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner