რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში კინოპროექტზე „9+1" საუბრისას განაცხადა, რომ ფილმი, რომელსაც მაყურებელი „იმედის" და „GDS"-ის ეთერში 6 სექტემბერს იხილავს, საზოგადოებას აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის" იმ ჯოჯოხეთს, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა.
„ჩვენ ვაჩვენებთ მაყურებელს კულუარებს, ბნელ მხარეს, ჯოჯოხეთს, სადაც ეს ავადმყოფური იდეები იბადებოდა და მერე ხორცს ისხამდა. თქვენ ნახავთ გახმაურებული საქმეების სამზარეულოს, იმას, თუ როგორ იკრიბებოდა სააკაშვილის ე.წ. ღამის მთავრობა და კონკრეტული ადამიანების შესახებ როგორ გამოჰქონდათ უსასტიკესი გადაწყვეტილებები, შემდეგ კი ამას როგორ ახორციელებდნენ... ეს არის ფილმი-ეპოპეა, რომელმაც უპირველესად საზოგადოება უნდა დააფიქროს იმაზე, ამდენი საშინელება როგორ დავუშვითო", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ფილმი „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან პერიოდზეა, რომელიც რამდენიმე სერიისგან შედგება.
როგორც გოგა ხაინდრავამ „კვირის პალიტრასთან" საუბარში აღნიშნა, ფილმში პირდაპირი იდენტიფიცირება არავისი არ მოხდება.
„მთელი ფილმი სასამართლო პროცესია, რომელიც გარკვეულ ქვეყანაში მიმდინარეობს და განსასჯელის სკამზეც „გარკვეული ადამიანები" სხედან, თუმცა, მაყურებელი ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ადვილად ამოიცნობს საქართველოს, ისევე როგორც დამნაშავეებს", - ამბობს რეჟისორი.
ფილმის სატელევიზიო პრემიერა „იმედისა" და „GDS"-ის ეთერში 6 სექტემბერს გაიმართება.
„დავპირდი საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ხერხითა და საშუალებით, რაც ხელმეწიფებოდა. მე არა ვარ იურისტი, ეს კინოპროცესია, სადაც განიხილება ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს გარკვეულ ხელისუფლებას გარკვეულ ქვეყანაში. ცნობილ გვარ-სახელებს აქ ვერ გა-იგონებთ, თუმცა გასაგები იქნება, ვინ ვინ არის", - ამბობს გოგა ხაინდრავა.