logo_geo
eng_logo
ერუშეთის ეროვნულ პარკში პროექტი „სათემო რეინჯერი“ დასრულდა
- +

19 დეკემბერი. 2022. 10:08

 

 

ერუშეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე პროექტი „სათემო რეინჯერი“ დასრულდა. დასკვნით ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი დაესწრო. პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და შედეგები შეაჯამეს და პრეზენტაციები წარადგინეს.

 

პროექტის ,,თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი- სათემო რეინეჯერი“ მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობით, თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

 

პროექტის ფარგლებში 10 მონაწილე - სათემო რეინჯერი შეირჩა ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან. თეორიულ ნაწილში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და  მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემატიკით. პრაქტიკული ნაწილი კი, ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავდა.

 

სათემო რეინჯერები, პროექტის გუნდთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ საველე ექსპედიციებში და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში. სათემო რეინჯერების ფოტოხაფანგებმა ერუშეთის ეროვნული პარკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობა დააფიქსირა, რის შემდეგაც მოხდა მონაცემების დამუშავება.

 

ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, სათემო რეინჯერები აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროცესშიც.

 

პროექტი „სახეობათა კონსერვაციის ცენტრის“ (NACRES) მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ერუშეთის ეროვნულ პარკსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner