ისრაელის კვირეულის ფარგლებში 25-ე ბიზნეს ფორუმი გაიხსნა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა საქართველოში აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის არსებულ მყარ საფუძვლებზე გაამახვილა ყურადღება.
„შეიძლება ისიც ითქვას, რომ დღეს, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მაჩვენებლები, რეალურად ვერ ასახავს იმ დიდ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ვისურვებდი, რომ სამომავლოდ, მაქსიმალურად მოხდეს ამ პოტენციალის ათვისება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების უმეტესობასთან უკვე დაახლოებულია და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქონის კუთხით რეგიონში უნიკალური პოზიცია აქვს. შესაბამისად, არსებობს დიდი რესურსი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სატრანზიტო ჰაბი, გლობალური კომუნიკაციის რუკაზე.
ფორუმს ესწრებოდნენ ისრაელის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ბიზნესმენ ქალთა დელეგაცია, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ისრაელის ელჩი და საქართველოში ისრაელის სახლის წარმომადგენლობა და სხვა ოფიციალური პირები.