logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ომის შემდეგ ორ თვეში, ამ რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოუწერა რუსეთს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე, სააკაშვილი და მისი პარტია მხილებულია უდიდეს დანაშაულში საქართველოს წინააღმდეგ
- +

20 დეკემბერი. 2022. 13:03

 

 

უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს თავის მართლების კამპანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც გაღმა შედავების პრინციპზე ააგეს, თავად რეზოლილუციაზე კი პასუხები არ აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, გუშინ, ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ტელევიზიაში, გამოიყვანეს ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტური ადამიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2008 წელს იყო საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში.

 

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, მან საუცხოოდ შეძლო ბოლომდე ემხილებინა საკუთარი პარტიის უარგუმენტობა განმარტებისათვის ნათქვამ ოთხივე წინადადებაში, რაც საზოგადოებამ დეტალურად უნდა იცოდეს.

 

„ჭიაბერაშვილის პირველი წინადადება: ამ დოკუმენტში არის ქართველების ეთნოწმენდაზე, ოკუპაციაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი და ხელი ამიტომ მოვაწერეთო - მხარს დაუჭერდნენ თუ არა, რეზოლუცია ისედაც გადიოდა, ხმები ყოფნიდა! რუსეთის დელეგაციამ საერთოდ დატოვა დარბაზი მათთვის საზიანო ბევრი პუნქტი რომ იყო რეზოლუციაში, არა თუ მხარი დაუჭირეს!

 

ან ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილ ოკუპანტზე სხვა რა უნდა ეთქვათ, ტურისტიაო ხომ არ ჩაწერდნენ?! ანუ აქ თავისმართლების ყველაზე უსუსური ფორმაა.

 

️ მეორე წინადადება: მე-5 და მე-11 მუხლებში არის გამოთქმული ეჭვი, დაირღვა თუ არა ჰუმანიტარული სამართალი ან ვინ დაიწყო ომიო - აქ უკვე თავხედური ტყუილი დაჭირდა, რადგან არავითარ ეჭვზე ამ პუნქტებში საუბარი არ არის და შავით თეთრზე წერია შემდეგი:

 

  1. ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისათვის (შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა რუსეთს ჯარების შემოსვლა თავის ბრძანებულებაში 8 აგვისტოს თარიღით დაუფიქსირა...).

 

  1. 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალებმა დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა გაუფრთხილებლად.

 

  1. მძიმე არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებამ, საქართველოს მხრიდან, სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას.

 

  1. რუსეთის შეტევა იყო საპასუხო.

 

  1. ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტები ჩაიდინა ორივე მხარემ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახი და გაუფრთხილებელი მკვლელობა და დაჭრა, ასევე საკუთრების ხელყოფა.

 

  1. განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნას, როგორც ომის დანაშაულები, რაც საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს.

 

ეს ჩანაწერები ეჭვის გამოთქმას ნიშნავს?! - ჭიაბერაშვილი აბსოლუტურად შეგნებულად იტყუება და ამბობს, თითქოს მხოლოდ ეჭვი იყო გამოთქმული, რაც ერთპროცენტიანი სიმართლის შემთხვევაშიც კი არ დასჭირდებოდა!

 

️ მესამე წინადადება: რუსების ლობირებით გარკვეული ევროპარლამენტარები გვეუბნებოდნენ, ეს უნდა ჩაიწეროს, ჩვენ ვეუბნებოდით, არ უნდა ჩაიწეროს, ისინი გვეუბნებოდნენ, როგორ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს ამას და რატო არ უნდა ჩაიწეროსო, ამიტომ არის ჩაწერილი, თან ეჭვის ფორმითო - აქ კომენტარიც კი ზედმეტია. რა ზურაბიშვილი 2008 წლის 2 ოქტომბერს… მოკლედ, ამ გასაოცარ ახსნაზე გაჩერება არ ღირს.

 

️ მეოთხე წინადადება: იმას, რაც მეხუთე პუნქტში წერია, ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ძალიან მყარი რწმენა გვქონდა, რომ მაშინაც კი(!), თუ ჩატარდებოდა ჰააგაში გამოძიება, საქართველო გამართლდებოდაო - როდესაც ასეთ ჩანაწერებს, რაც ძირითადად მე-5 და მე-11 პუნქტებში ეწერა, მხარს უჭერდნენ, საიდანღა იყო გარანტია, რომ ჰააგას მოვიგებდით?! მტკიცებულებების მათ მიერ გადამალვის ფონზე ხომ საერთოდ… ან ვინ იძლეოდა გამართლების გარანტიას?! რა ლოგიკაა მოდი მე ახლა მხარს დავუჭერ მოღალატეობრივ პოზიციას, ქართველ სამხედროებზე ომის დაწყების და ომის დანაშაულების დაბრალებას და ჰააგა თუ ჩაატარებს გამოძიებას, იქ გამართლდებაო? ეს არის ახსნა?! აქაც ტყუილი და წარმოუდგენელი არგუმენტი.

 

ამ ყველაფერს ლაპარაკობს მათი ელჩი ევროსაბჭოში! ადამიანი, რომელმაც თემაზე ყველაზე მეტი იცის და მოლოდინი ქონდათ, რომ ყველაზე კარგად ის შეძლებდა სიტუაციიდან გამოძრომას.

 

რეალურად, ომის შემდეგ ორ თვეში, ამ რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოუწერა რუსეთს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სიტუაციის შემოტრიალება, სამართლებრივი ბრძოლა მოვიგეთ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც.

 

შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ნაცების ისტერიის მიზეზი ამ თემაზე: ისინი დგანან იდეაზე და აჯერებენ თავის მხარდამჭერებს, რომ არიან პროდასავლურები, ანტირუსები და ებრძვიან „პრორუსულ“ ოცნებას. ამ ფონზე კი მტკიცებულება, რომელიც შავით თეთრზე ადასტურებს ღალატს, ოკუპანტის ინტერესების გატარებას საკუთარი ქვეყნისა და სამხედროების წინააღმდეგ, მთლიანად ანგრევს მათ პარტიას და ისედაც ცრუ იდეოლოგიას.

 

დღეს ისინი ნამდვილად ჩიხში არიან - სააკაშვილი და მისი პარტია მხილებულია უდიდეს დანაშაულში საქართველოს წინააღმდეგ. ეს მათი მთავარი პოლიტიკური თუ მორალური ბრალდებაა! შეუძლიათ ჭიაბერაშვილი კიდევ ალაპარაკონ, მშვენიერ მასალას ქმნის სწორი დასკვნების გამოსატანად“, - წერს მამუკა მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner