logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

20 დეკემბერი. 2022. 17:08

 

 

პროკურატურამ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს და ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტმა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ პირს სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით კონკრეტული თანხა მოსთხოვა, რომელიც მეორე მხარემ ბრალდებულს სხვადასხვა დროს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა.

 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამავე საჯარო მოხელემ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, პირადი გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს უპირატესობა მიანიჭა და გარემოს დაბინძურების ფაქტთან დაკავშირებით გამოვლენილ სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება არ განახორციელა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი სამშენებლო მასალა მიიღო.

 

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 19 დეკემბერს დააკავეს.

 

საჯარო მოხელეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება, 2 ეპიზოდი) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მეორე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად, 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში  მიმართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner