საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი გუნდი, თურქეთთან დაკავშირებით, დეპუტატ გოგი თოფაძის დღევანდელ განცხადებას ემიჯნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.
„საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი გუნდი, დეპუტატ გოგი თოფაძის დღევანდელ განცხადებას, თურქეთთან დაკავშირებით, ემიჯნება და აცხადებს, რომ დეპუტატის განცხადება სრულად ეწინააღმდეგება უმრავლესობის პოზიციას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, მმართველი გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს",- წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.
გოგი თოფაძემ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, "გაზპრომზე" საუბრისას თურქეთი რუსეთს შეადარა.
„იმას, რომ "გაზპრომიდან" მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ხვალ შეიძლება ირანიდან შემოვიდეს გაზი, ან თურქმენეთიდან. ამაზე ააგეს საუბარი, რომ თურმე როგორ შეიძლება რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და "გაზპრომთან" საუბარი . მწვანილის, ღვინის გატანა შეიძლება და თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? ნებისმიერი წარმატებული პროექტი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, კრიტიკის ქარცეცხლში ხდება. გაიხსენეთ, რა ამბავი დაგვაყარეს სამ ხეზე, სამი ხე, რომელიც არც არავის წაუღია და მთელი ტყეები გაჩეხეს საქართველოში. რა ამბავი იყო სამ ხეზე - 2 კვირა დავკარგეთ პარლამენტში, როდესაც მილიარდობით გაიტანეს ჩვენი ტყეები", - განაცხადა გოგი თოფაძემ.