დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამლვასთან დაკავშირებით თუნდაც შედარებითი ინფორმაციის მისაღებად სისხლის ანალიზის აღება საჭირო იყო, რითაც სააკაშვილის ადვოკატის განცხადება უარყო.
„ბუნებრივია, რომ სისხლის აღება და კვლევა, თუნდაც შედარებითი ინფორმაციის მისაღებად, თუნდაც „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დასკვნასთან მიმართებაში საჭირო იყო. ბუნებრივია, ეს ქმედება ემსახურებოდა და ემსახურება ერთ მარტივ მიზანს, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება“, - აცხადებს გეჯაძე.
სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სისხლის ანალიზით სააკაშვილის მოწამლვის დადასტურება შეუძლებელია.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას.