სტრასბურგში ერთ-ერთ სხდომაზე რუსებმა დაგვცინეს და გვითხრეს: ეს რა მოგიტანიათ, ჩვენ გორში არაფერი ჩამოგვიგდია, იქ ისკანდერი არ ყოფილა და ეს ფოტოშოპია. და ჩვენ ფოტოების გარდა არაფერი დაგვიტოვეს დიდმა „ნაციონალებმა“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, აღმოჩნდა, რომ წინა ხელისუფლებამ ისკანდერი ქვეყნიდან გაიტანა.
„ფაქტია, რომ მათ ეს ისკანდერი არც დაამაგრეს როგორც მტკიცებულება საქმეში, არც სათანადოდ აღწერეს და დააოქმეს. მხოლოდ გაუშვეს ქვეყნიდან ისე, რომ მიღება-ჩაბარების ოქმიც არ გაფორმდა. რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ ამ ისკანდერს, რა თქმა უნდა, ვერ დავაბრუნებდით ქვეყანაში/ ეს იყო მრავალთვიანი მოლაპარაკებების პროცესი და აქ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ბატონმა დავით ბაქრაძემ (მაშინ ელჩი გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში) ძალიან დიდი როლი ითამაშა.
ყველა, მთელი გუნდი მუშაობდა იმისთვის, რომ ეს გამარჯვება დამდგარიყო. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ „ნაციონალებს“ და მათ აწ უკვე პატიმარ პრეზიდენტს რაიმე აქვთ სათქმელი ამასთან დაკავშირებით. მათ ის ვერ მოახერხეს, რომ თავის დროზე ომი აეცილებინათ თავიდან, ვერ მოახერხეს, ბრძოლის ველიდან დაჭრილი ჯარისკაცი გამოეყვანათ - თვითონ გამოიქცნენ პირველები და ვინ გაასწრებდა ქვეყნიდან იმაზე ზრუნავდნენ. ხალხს აზეიმეს წაგებული ომი და შემდეგ იმაზე მეტი ტერიტორია გახდა ოკუპირებული, ვიდრე მანამდე იყო“, - განაცხადა წულუკიანმა.