სტრასბურგის საქმეზე განცდა გამიჩნდა, რომ ეს იყო არაკომპეტენტურობისა და ზედაპირულობის ნაზავი და რეალურად სტრასბურგის სასამართლოს და პროცედურებს არ იცნობდნენ კარგად და ისე იყო ეს დავა ნაწარმოები. ჰააგის შემთხვევაში კი ეს იყო შეშინებული ხელისუფლება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ წინა ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომის შესახებ საქმეების წარმოებაზე საუბრისას განაცხადა.
„როცა მშიშარაა ხელისუფალი და მთავარსარდალი, იქ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება გართულებული იყო, როგორც ჩანს, ჰააგის საქმეზე. ჩვენ ამას ორი ხელით ჩავეჭიდეთ და ვთქვით, რომ ყველა დოკუმენტი მოვაგროვოთ და დავამტკიცოთ ის, რაც არის სიმართლე და სიმართლე არის ერთადერთი - საქართველო არავის თავს არ დასხმია, საქართველოს თვითონ დაესხნენ თავს; არცერთ ქართველს არავის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა არ უწარმოებია - ქართველები იყვნენ და არიან ეთნიკური წმენდის მსხვერპლები; ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები სამხედრო ტყვეები იყვნენ და ასეთ დროს ომის კანონები აღარ მოქმედებს და ისინი აწამეს და მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეჩვენებინათ რა არის გმირობა და ღირსება და მოხდა მათი სიცოცხლის ხელყოფა. რატომღაც ჩათვალეს, რომ შეძლებდნენ ემტკიცებინათ ეს სიმართლე. არ მინდა ისე შორს წავიდე შეთქმულებების თეორიებში, რომ ასეთ დონეზე იყვნენ ქვეყნის მტრები, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“, - განაცხადა წულუკიანმა.
მან აღნიშნა, რომ საქმის წარმოებისას ქართულ მხარეს ძალიან დაეხმარა სოზარ სუბარის ომბუდსმენობის პერიოდში შექმნილი დოკუმენტები, მათ შორის არჩილ თალაკვაძის ჩართულობით შედგენილი. თუმცა სამხედრო და საგარეო მიმართულებებით მოქმედ ხელისუფლებას დოკუმენტები არ დახვდა.