"არ ვიცი, შესაძლოა, მარგველაშვილი პრეზიდენტობისას ასე პრეზიდენტობდა, რომ უცხოეთიდან ერთი ზარით აკეთბდა რაღაც საქმეებს, მაგრამ დღევანდელ საქართველოში, ამ მთავრობის პირობებში ეს ასე არ არის და ვერ იქნება," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მარგველაშვილი ყოველთვის იყო სუვერენისტი და დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ფასადური ყოფილა.
„არ დაგიმალავთ, გამიკვირდა მარგველაშვილის განცხადება, რადგან მასთან მქონია, ასე ვთქვათ, კოლეგიალური ახლო ურთიერთობა. ჯერ როდესაც განათლების მინისტრი იყო, მე იუსტიციის მინისტრი გახლდით, შემდგომაც, როდესაც პრეზიდენტი იყო და ყველაფერს წარმოვიდგენდი, გარდა ასეთი ტიპის განცხადებისა. ის ყოველთვის იყო სუვერენისტი. ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა არის მნიშვნელოვანი და ეს უნდა დავიცვათ და ა.შ. დღეს გავიგე, რომ ეს ყველაფერი ფასადური ყოფილა. დღეს გამოვიდა და ამბობს, რომ თურმე, ქვეყანა უნდა იმართებოდეს ვაშინგტონიდან და თურმე, ერთი ზარიც საკმარისია, რომ საქართველოში ვიღაცამ რაღაც გადაწყვიტოს. მიუხედავად უღრმესი პატივისცემისა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისადმი, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ასე არ იმართება. არ ვიცი, შესაძლოა, მარგველაშვილი პრეზიდენტობისას ასე პრეზიდენტობდა, რომ უცხოეთიდან ერთი ზარით აკეთებდა რაღაც საქმეებს, მაგრამ დღევანდელ საქართველოში, ამ მთავრობის პირობებში ეს ასე არ არის და ვერ იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის განცხადება მითუმეტეს მთავარსარდლისა და პრეზიდენტისგან არის ძალიან სამარცხვინო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.