„რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს:
„რაღაც პოზიტიური და ინტეგრალური მინდა ვთქვა.
ხომ არის ხოლმე ზღაპრებში, სადღაც წყაროსთავს დიდი გველეშაპი რომ ზის და ქალებს ითხოვს?
ჰოდა, მე რომ გველეშაპი ვიყო, პოლიტიკური პარტიებიდან (ანბანის მიხედვით ჩამოვთვლი) მოვითხოვდი ორ-ორ ქალს:
გირჩიდან მოვითხოვდი ნინო დარსაველიძეს და ანა სუბელიანს.
თავისუფალი დემოკრატებიდან ნინო გოგუაძეს და თამარ ამაშუკელს.
ნაციონალური მოძრაობიდან ელენე ხოშტარიას და ხატია დეკანოიძეს.
მშობლიური რესპუბლიკური პარტიიდან მოვითხოვდი ორმაგ დოზას - როგორც ხათუნა სამნიძეს და თამარ კორძაიას, ისე თინათინ და თამარ ხიდაშლებს.
ქართული ოცნებიდანაც მოვითხოვდი ახალ სახეებს - თამარ ჩუგოშვილს და სოფო ჯაფარიძეს.
ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილს არ მოვითხოვდი.
და რას ვიზამდი შემდეგ? რას და ამ მოგროვილი ქალებისგან ჩამოვაყალიბებდი სერიოზულ პოლიტიკურ გუნდს, სულ გრიალ-გრიალით მოვიდოდი ხელისუფლებაში, თამამად გადავაბარებდი მათვე ქვეყნის მართვას და წამოვწვებოდი ისევ წყლის პირას, მადლიერი შთამომავლობის მიერ ლოცვებში მოხსენიების პერსპექტივით.
მორალი: მეტი ქალი პოლიტიკაში!"