UNESCO-ს პირველი საგრანტო პროექტის „მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენერებად გადამზადნენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ტრენერებმა მიღებული ცოდნა UNESCO-ს პროექტის ფარგლებში დასაქმებულ მოხალისეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის წარმომადგენლებს გაუზიარეს და UNESCO-ს უბნის მართვის საკითხები გააცნეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები თამარ ხახიშვილი და თომა დეკანოიძე, ასევე UNESCO-ს ექსპერტი პიტერ დებრინი ესწრებოდნენ. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ტრენერების მუშაობა და მათ UNESCO-ს ოფიციალური სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. გადამზადებული ტრენერები სამომავლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა და ტერიტორიების ირგვლივ მაცხოვრებელთათვის სისტემატიურად განახორციელებენ ტრენინგთა ციკლს.
UNESCO-ს პროექტი „მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ“ GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, UNESCO-ს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.