საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ ძიუდოს პოპულარიზაციისთვის მეტი PR-ია საჭირო.
"ვფიქრობ, მეტი რეკლამაა საჭირო და მეტი PR სჭირდება ძიუდოს. არის შემთხვევები, როცა ჩემმა ძალიან ახლობლებმაც არ იციან ხოლმე, ისეთ ნომინაციებზე ვყოფილვართ წარდგენილნი. ეს ყველამ უნდა ნახოს, ჩვენი გუნდი გახდა მსოფლიოში საუკეთესო. კარგი იქნებოდა პირდაპირი ჩვენებები ჩვენი შეჯიბრებების, თუნდაც ერთი ბილბორდი მაინც რომ იყოს... მორაგბეების თეთრი შურით გვშურს, ისეთი PR აქვთ.
რუსეთში ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსები დავამარცხეთ და ჩემპიონები გავხდით. პირადად მე 2014 წლის პლანეტის 4 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოვხვდი. ასეთი რაღაცები რომ შუქდებოდეს, ის ბავშვიც დაინტერესდება და უფრო მეტი ადამიანი ივლის ძიუდოზე", - განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
მსოფლიოში ნომერ პირველმა ძიუდოისტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავად ძიუდოზე ზურაბ ზვიადაურის მაგალითზე დაიწყო სიარული.
"მაგალითად, ზურაბ ზვიადაურმა რომ მოიგო ოლიმპიადა, მე მაშინ დავიწყე, მის მაგალითზე. ეს ისე აჩვენეს, ისე გააშუქეს, რომ ხალხი დაინტერესდა. ყველა ვერ მივალთ ზურაბ ზვიადაურის დონემდე, არასდროს შევედრები მას, ის ძიუდოს პროფესორი იყო. რაღაც დაბალ დონეზე ხომ ვაკეთებთ და ამის ჩვენება და გაშუქება ხომ შეიძლება?! ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნება, ბევრი ბავშვი დაინტერესდება. მოქმედ ნაკრებში ვინც ვართ ძიუდოისტები, აბსოლუტურად ყველა ტიტული გვაქვს მოპოვებული, ოლიმპიადისა და მასტერსის გარდა, მე პირადად მაქვს ყველაფერი მაქვს მოპოვებული", - აღნიშნა ჭრიკიშვილმა.