ავტორი ბიძინა დვალი
რამდენიმე სტილისტის, გრიმიორის, მხატვარ-დიზაინერის, აგრეთვე, დრამატურგისა და რეჟისორის „კონსილიუმის“ ოთხას ოცდათვრამეტ დღიანმა ნამუშევარმა, სახელწოდებით - „მიშა კვდება“, პირველი „პრასმოტრი“ აშკარად ჩააგდო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მთავარი როლის შემსრულებელმა ვერ ითამაშა, არამედ უფრო იმიტომ, რომ ზემოხსენებული „შემოქმედებითი ჯგუფის“ იდეები შორს იყო რეალობისგან, იმდენად შორს, რომ „პრავდაპადობნობის“ ნატამალიც არსად იკითხებოდა.
მაყურებელმა ვერ გაიგო, ლუქს-პალატაში მოთავსებული „განსაკუთრებული პაციენტი“ რატომ უნდა ყოფილიყო დაუბანელი, რატომ ვერ უნდა მოეხერხებინა ერთ დროს მეფის ტოლა კაცს წვერის გაპარსვა, ან თმის დავარცხნა რატომ უნდა გამხდარიყო ამ უკანასკნელისთვის და ყველა გაგებით უკანასკნელისთვის გადაულახავი პრობლება?
ერთი სტოპკადრისთვის მოფიქრებულმა ლოყების კბილებს შორის შეწუწვნის სცენამაც, მისი „მრავალმხრივი ნიჭის“ თაყვანისმცემელთა სამწუხაროდ, ვერ იმუშავა. აღნიშნულმა ეპიზოდმა აშკარა ფიასკო განიცადა, როცა წამებულსახიანი პერსონაჟის როლის შემსრულებლისთვის ორგანულმა ცხვირის მოწმენდის (თითის წვერიდან სახელომდე) ჟესტმა მისი „გმირი“ ბუნებრივ მდგომარეობაში დააბრუნა.
მაგრამ, ის რაც სამარცხვინო სიმულაციად შეაფასა ქართულმა საზოგადოებრივმა აზრმა, როგორც მოსალოდნელი იყო, პროპაგანდისტულ მასალად იქცა აღქმებზე მომუშავე სხვადასხვა ჯურის ლობისტებისთვის.
მაგალითად, პოლიტიკაში როლებით მოსულმა, ანუ ამ საქმეში დიდი გამოცდილების მქონე ზელენსკიმ, ფრონტის ხაზიდან ჩვენთვის კიდევ ერთხელ მოიცალა და ბრძანა: „რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ ეკადრებაო“.
ბატონო ვოლოდიმირ, რა არ ეკადრება? სისხლისმსმელი და ქვეყნის გამყიდველი მანიაკი სანატორიუმის პირობებში რომ იხდის სასჯელს, ეს არ ეკადრება? რაც შეეხება სისასტიკეს, დიდი კასტინგის შემდეგ პრეზიდენტის როლზე გამწესებულო ბატონო ზელენსკი, სისასტიკე ის იყო, რასაც თავის დროზე თქვენსავით გამწესებული თქვენი „სულიერი“ ძმა და მეგობარი აკეთებდა ძალაუფლებით ტკბობის პერიოდში (ჩამონათვალი გრძელია).
ბატონო უმადურო და დაუნახავო და თქვენი მრავალი განცხადებიდან და ქმედებიდან გამომდინარე, საქართველოს მეგობარი ქვეყნის საქართველოს არამეგობარო „მთავარსარდალო“, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, მტრულ დამოკიდებულებად და გაცხადებულ სისასტიკედ აღიქმებოდა, თქვენ და თქვენი წინამორბედი კოლეგები წლების განმავლობაში სასათბურე პირობებს რომ უქმნიდით საქართველოში არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საორგანიზაციო ჯგუფებს, ამიტომ ხმა არაფერზე გაქვთ ამოსაღები. როგორ ფიქრობთ, ქართველ ხალხს თქვენ მიმართ რა დამოკიდებულება აქვს თქვენი გუნდის მხრიდან მეორე ფრონტის თემის გაუთავებელი ტრიალისა და თქვენგანვე მომდინარე შეურაცხყოფების გამო?
ჩვენი ერისთვის მტკივნეულ თემებზე, რაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ეხება, ოფიციალური პირები, უბრალოდ, არ საუბრობენ, რადგან ომში იმყოფებით და რადგან ერთი საერთო მტერი გვყავს.
რაც შეეხება ქართველ ხალხს... რაც ზემოთ მოგახსენეთ, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ვფიქრობთ და განვიცდით... მაგრამ, მოდით, ამაზეც ომის დასრულების შემდეგ ვილაპარაკოთ.
ეკადრება-არ ეკადრებას თემას სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ: თურმე არგენტინას, პერუს და მალდივებს ეკადრებათ ის, რაც ახლა მათი პრეზიდენტების თავს ტრიალებს; ერაყს, ეგვიპტეს და ლიბიასაც ეკადრებოდათ; სამხრეთ კორეასა და ფილიპინებსაც; რუმინეთს და სერბეთს - რასაკვირველია; ბრაზილიას, პანამას და კოლუმბიას რომ ეკადრებოდათ, არც ამას უნდა ზედმეტი ფიცი-მტკიცი; იმ აფრიკული ქვეყნების ჩამონათვალი, უწყვეტი კადრების რეჟიმში რომ იმყოფებიან, ძალიან შორს წაგვიყვანს; ბევრი რომ არ გავაგრძელო, უკრაინასაც ხომ ნამდვილად ეკადრებოდა და ეკადრება ტიმოშენკოს, იანუკოვიჩისა და პოროშენკოს სისხლის სამართლებრივი დევნა და მასთან ერთად, მოლდოვასაც ხომ ეკადრება დოდონის მიმართ იგივე; და რაც მთავარია - ამერიკას ხომ ეკადრება და ეკადრება და კიდევ მრავალათასჯერ ეკადრება დონალდ ტრამპის... რა ვიცი რა ვუწოდო და... თურმე საქართველოს „არ ეკადრება“(!)...
შენ, ჰეი, ზელენსკი ხარ, თუ სერიალის ეკრანიდან საინფორმაციო გამოშვებების ეკრანზე გადამხტარი პერსონაჟი, აბა ერთი კარგად ჩაიხედე სარკეში!.. ეს გლობალური ომის პარტიის ერთი საცოდავი მარიონეტი ესა... ჰა?..
სისასტიკე იცით რა არის? ის არის, რაც ამერიკის ხელისუფლების მეორე პირმა, ენტონი ბლინკენმა იკადრა ორიოდ დღის წინ: „აშშ-ს დროულად რომ არ გამოეყვანა ჯარები ავღანეთიდან, დღეს ამ მოცულობის სამხედრო დახმარებას უკრაინას ვერ აღმოვუჩენდითო“.
გესმით, ეს რას ნიშნავს? რიგითი ადამიანების ენაზე თუ ვთარგმნით, ასეთი შინაარსის ტექსტს მივიღებთ - „ავღანელებს არ მოუკვდათ პატრონი? უკრაინა ჩვენთვის სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან საფრთხე NATO-ს საზღვრებს შეიძლება მოუახლოვდესო“. აი ასე... არც მეტი, არც ნაკლები...
ვინც კარგად იცის, რა არის „თალიბანი“, დამეთანხმება, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოსვლა მილიონობით ადამიანის, განსაკუთრებით ქალების, სიცოცხლეში სიკვდილისთვის გაწირვას ნიშნავს. დღეს მთელი ავღანეთი ამერიკულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორბალს მოწყვეტილი ავღანელი სპორტსმენის ბედისთვის არის განწირული.
ძალიან მინდა უკრაინამ გაიმარჯვოს პუტინის რუსეთთან ომში, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ამ სურვილის აღსრულების შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე არ მომასვენებს განცდა, რომ უკრაინელი ხალხის ბედნიერება ავღანელი ხალხის უბედურებაზეა დაფუძნებული. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო ზელენსკი, რას ეტყოდით მეგობარ ბლინკენს?
ფიქრი რომ გაგიადვილოთ, ერთ პირად საიდუმლოს გაგიმხელთ - ბატონი გოგი, ჩემი მრავლისმცოდნე მეზობელი, 25 თებერვალს, ანუ ომის დაწყების მეორე დღეს, ჩურჩულით გამენდო, ამერიკა ამ ომში ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე იბრძოლებს საყოველთაო მშვიდობისთვისო, თუ არადა, შენი ხმალი და ჩემი კისერიო(!).
ბიძინა დვალი
27.12.2022 წ.
P.S. მათთვის მარად „პრეზიდენტის“ მდგომარეობის გამო „შიშით შეპყრობილი“ ხელმომწერების საერთო რიცხვმა, ქალიან-კაციანად, დაახლოებით 750 ერთეული შეადგინა. სალომესთვის არ ვიცი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, სამართლიანობის ფასისა და მნიშვნელობის მცოდნე ნებისმიერი ქართველისთვის ამ ამორალურად შეშფოთებული ფსევდო-მედასავლეთეების ჯამურ ავტორიტეტს ირინა ენუქიძის წამწამზე მოციმციმე ერთი ცრემლი გადაწონის.