logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის ათი თვის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ევროკავშირის გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსეთის აღარავის ეშინია და არც არასოდეს შეეშინდება
- +

29 დეკემბერი. 2022. 01:54

ომის ათი თვის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ევროკავშირის გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა დაეხმარა დასავლეთს, დაბრუნებულიყო გლობალურ ასპარეზზე და ეგრძნო, რამდენად დომინირებს დასავლეთი. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ პირველად გადახედა ნეიტრალიტეტის კონცეფციას და უკრაინასთან ერთად, აგრესიას წინააღმდეგობა გაუწია.

„ჩვენ დავეხმარეთ ევროკავშირს რეალური სუბიექტურობის შეძენაში. დავეხმარეთ ევროპას, ეგრძნო არა რამდენიმე ჩემპიონატი სხვადასხვა დონის გუნდებით, არამედ ერთი ძლიერი გუნდი, რომელიც მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად იბრძვის გამარჯვებისთვის. სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია. დასავლეთში რუსეთის აღარავის ეშინია და არც არასოდეს შეეშინდება. ახლა ევროპა თავს იცავს. ევროპა ძლევს კრიზისებს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჩვენი კონტინენტის გასატეხად უზარმაზარი რესურსი ჩადო. ყველაფერი, რასაც რუსეთი ცდილობდა ევროპის წინააღმდეგ, არ გამოუვიდა. ყოველი რუსული ნაბიჯი შეცდომად იქცა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მას საკუთარი ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დაეხმარება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner