"თუ ელჩებისა და რატი ბრეგაძის შეხვედრაზე დემარშის რაღაც ფორმა იყო, საიდან აქვს ეს ინფორმაცია ხატია დეკანოიძეს? თუ დემარშს ადგილი არ ჰქონია, მაშინ რატომ ატყუებს ის ქართულ საზოგადოებას? "- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„რამდენიმე წუთი ვუსმენდი ხატია დეკანოიძეს, რომელიც საუბრობდა ელჩების და რატი ბრეგაძის შეხვედრაზე. წამყვანმა დაუსვა ამაზე კითხვა და მან უკან დაიხია, მგონი, მიხვდა, რომ დაუშვა მიუტევებელი შეცდომა. ეს შეიძლება გახდეს დიპლომატიური სკანდალის საფუძველი. ხატია დეკანოიძემ გაახმოვანა, რომ ეს იყო დემარში. ავიღოთ ორი თეორია. დემარშს აქვს თავისი ფორმა და ხატია არ არის ის ადამიანი, სიტყვებს ასე უბრალოდ რომ ისვრის და დემარშს ამბობს მოკითხვის გამოსახატად. თუ მართლა იყო დემარში - მე, როგორც მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ამ წუთსაც არ ვიცი, იყო თუ არა ეს დემარში. ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ გერმანიის ელჩის კომენტარი, სადაც არცერთ დეტალზე არ ყოფილა საუბარი. თუ დემარშის რაღაც ფორმა იყო, საიდან აქვს ეს ინფორმაცია ხატია დეკანოიძეს? თუ დემარშს ადგილი არ ჰქონია, მაშინ რატომ ატყუებს ქართულ საზოგადოებას? ორი ვარიანტიდან ერთია“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.