"ამბავი, რომ სააკაშვილი მოწამლეს პოლონიუმით - ქვეყანაში ჩვენ რა ვიცით ამაზე? რომ ეს ზღაპარი და ტყუილია. ადვოკატმაც კი თქვა მეორე დღეს, რომ ეს შეიძლება იყოს საადვოკატო ტაქტიკა. ცუდი, ამორალური, მაგრამ თავი დავანებოთ ამას - იყო საადვოკატო ტაქტიკა, მაგრამ საერთაშორისო პრესაში გავიდა პირველი დღის ამბავი, რომ სააკაშვილს წამლავენ პოლონიუმით. მეორე დღეს არცერთ იმ საერთაშორისო გამოცემას არ დაუწერია, რომ სააკაშვილის ადვოკატმა თქვა, ეს საადვოკატო ტაქტიკა იყოო," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ამავდროულად, მიდის საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებაც, მაგრამ მთავარი არის ზეწოლა პრეზიდენტზე შეწყალებისთვის, ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე და სახელმწიფოზე, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს. რა მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი? უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ომის ხალხი არ არის, ეს შეუძლია გააკეთოს სააკაშვილს. ეს არის ამ ყველაფრის დიაგნოზი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების საგარეო გუნდი გამუდმებით მუშაობს იმაზე, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ყოველდღიურად მიეწოდოს ეს ამბები.
„არის დიდი ინტერესი, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს. შეიძლება ეს რუსეთის წინააღმდეგ იყოს კარგი ბერკეტი, მაგრამ საქართველოს პირობებში ამის გაკეთება რთულია. ჩვენ არ ვართ 50-მილიონიანი ქვეყანა, რომ თუნდაც მეგობრებს გვერდში დავუდგეთ ბოლომდე, სადაც არ შეგვიძლია. აღარ დავიწყებ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებაზე საუბარს, მაგრამ თუ იქნება ის მიზანი, რომ საქართველო პირდაპირ ჩაერთოს ომში, რაც შეიძლება საქართველოს განადგურებით დასრულდეს - ძალიან მარტივად ვთქვათ: მეგობრები ვართ და მთხოვთ დახმარებას - სადამდეც შემიძლია, კი ბატონო, მაგრამ როცა მთხოვთ აშკარა სიკვდილზე წასვლას, ჩემ გარდა ყველა რომ შეიძლება გადარჩეს. თქვენ მეუბნებით - შენ შეიძლება მოკვდე, ჩვენ ყველანი აუცილებლად ცოცხლები დავრჩებით, მაგრამ შენ ეს უნდა გააკეთო. მე ამაზე უარს გეუბნები და შენ ამისთვის მიტევ. მთელი ეს პროცესები შემთხვევითი არაა და არც ბიძინა ივანიშვილზე გასვლა, როგორც შანტაჟის ობიექტზე: რით ვერ გაიცნეს ეს კაცი? თავისი თავი და ოჯახი გადადო და გაწირა 2012 წელს. ახლა ფულის გაწირვით ემუქრებიან და წირავს ამ ფულსაც, არ აინტერესებს ეს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.