ბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით გაიხსნა.
დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდა.
აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტი მადლობის სიგელებს გადასცემს კერძო და საჯარო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს.
ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელო პირები, ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.