„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან არაპრეზიდენტურად მოიქცა, როდესაც შემდეგი სიტყვებით მიმართა: „აქ რომ მოვარდით“. ზურაბიშვილს წლების წინ აქვს ნათქვამი სიტყვა „ქაჯები“, გუშინ ქალბატონი პრეზიდენტი ნამდვილად ქაჯივით მოიქცა. დავიწყოთ იმით, რომ ზურაბიშვილი ყოფილი დიპლომატია, დიპლომატია კი ურთიერთობის ხელოვნებაა, ხელოვნება, რომელიც მისგან შორს დგას, რადგან მისი ქცევა დაცლილი იყო როგორც ადამიანურობისგან, ასევე დიპლომატიისგან, ასევე ზურაბიშვილს დაავიწყდა, რომ ის საქართველოს პრეზიდენტია, ხალხს აქვს კითხვის დასმის უფლება, კითხვები მსგავს მძაფრ რეაქციას არ უნდა იწვევდეს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ მას რეიტინგი აქვს და მისი პრეზიდენტად არჩევა საკუთარი რეიტინგის დამსახურებაა:
„ყველაზე მთავარი, ხალხი რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლესთან იდგა, ის ხალხია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დიახ მივარდა საარჩევნო უბნებთან, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო, მაშინ ხომ მისთვის მისაღები იყო ეს ხალხი? ახლა რა შეიცვალა? პრეზიდენტის ქცევამ მისი ფრაზა გამახსენა - „პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს“. ის ნამდვილად ხალხზე მაღლა დადგა და ამით საკუთარ ხალხს/ამომრჩეველს დაშორდა.
სალომე ზურაბიშვილმა არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ მას რეიტინგი აქვს და მისი პრეზიდენტად არჩევა საკუთარი რეიტინგის დამსახურებაა. მინდა შევახსენო, როდესაც ის მთაწმინდაზე მაჟორიტარად აირჩიეს, „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატი არ დააყენა, რაც ირიბად სალომეს მხარდაჭერას ნიშნავდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი, „ოცნებამ“ ზურაბიშვილს არა ირიბი, არამედ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა. მარგველაშვილს, გახარიას, ზურაბიშვილს ერთი საერთო ნიშანთვისება აქვთ, უმადურობა! მათ შეიქმნეს ილუზია, რომ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებისთვის საკმარისი რეიტინგი „აკრიფეს“, მაგრამ მწარედ შეცდნენ. ტალახიდან ამოყვანილს, აღარც ტალახი ახსოვს და აღარც ამომყვანი“, - წერს ჩიხელიძე.