იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანცესკინიმ ქვეყნის მოსახლეობას დღეს მუზეუმების, არქეოლოგიური ნანგრევებისა და ისტორიული ძეგლების მონახულებისკენ მოუწოდა. მუზეუმების მონახულებით შესული თანხა მიწისძვრისგან დაზარალებული ქალაქების, მათ შორის ამატრიჩეს რეაბილიტაციას მოხმარდება.
აღდგენით სამუშაოებზე დაიხარჯება ის თანხაც, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საკვირაო წირვის დროს მრევლი ეკლესიაში შეაგროვებს.
ფრანჩესკინის თქმით, მიწისძვრის შედეგად 293 კულტურული და ისტორიული დანიშნულების შენობა ან სრულად განადგურებულია, ან მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
ამატრიჩეს მერმა სერჟიო პიროციმ იმედი გამოთქვა, რომ ქალაქი სრულად აღდგება და ძველ დიდებას დაიბრუნებს. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად იტალიის სწორედ ეს ქალაქი დაზარალდა, სტიქიას კი ქალაქის 235 მცხოვრების სიცოცხლე ემსხვერპლა.
„გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქი უნდა აღვადგინოთ და დავუბრუნოთ ისეთი იერსახე, როგორიც მათ მეხსიერებაში დარჩა. ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა პიროციმ.