შს მინისტრი ვახტანგ გომელაური საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს - გიორგი ბერაიას, ირაკლი მუხადგვერდელსა და ხვიჩა კრაველიძეს შეხვდა. გიორგი ბერაიამ და ირაკლი მუხადგვერდელმა რამდენიმე დღის წინ თბილისში მდინარიდან კაცი ამოიყვანეს, ხოლო ხვიჩა კრაველიძემ გასულ კვირას რუსთავში 8 თვის ბავშვი გადაარჩინა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად და ყოველწამიერად, პოლიციელების, მეხანძრეებისა თუ მაშველების საქმიანობის მთავარი საზრუნავი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოებაა.
სხვების სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენი თანამშრომლების თავგანწირვის ამბებს საზოგადოება ხშირად იგებს, თუმცა, მათი გმირობის შესახებ არის გაუხმაურებელი შემთხვევებიც.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო ერთ კვირაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რუსთავში 8 თვის ჩვილი გადაარჩინეს, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში კი ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს და მისი სიცოცხლეც გადაარჩინეს.
დღეს ამ ბიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა, რომელიც თავად არის ადამიანობისა და ჰუმანურობის მაგალითი, თანამშრომლებს თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა. მეც გავიცანი პირადად და ჩემი წილი მადლიერება გამოვხატე მათ მიმართ. ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი.
მომავალ წელს ახალი შემართებით ვემსახურებით საქართველოს!“ - წერს ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში.