საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურში საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.
„სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს მაშინ, როცა ამომრჩეველი ხმის მიცემით პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკოსს და შემდეგ კონტროლს ახორციელებს მის საქმიანობაზე.
არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ გაკეთებული საჩუქარი არ არის.
თუ არ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში, შენს თავს ართმევ უფლებას იყო ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებთან საუბრისას.
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს გააქტიურდნენ და გააქტიურონ საარჩევნო კამპანია, გააცნონ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამები. მან აღნიშნულის შესახებ პროექტის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა.
„თქვენ და თქვენმა თანაგუნდელებმა, რეალურად ბევრი რამ შეცვალეთ ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში. თქვენ გააჩინეთ და გააძლიერეთ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ საზოგადოების სწორი დამოკიდებულება.
თქვენ ეუბნებოდით საზოგადოებას, რომ მათ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. თქვენ ეუბნებოდით, რომ ხმის მიცემა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ გვექნება უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული საზოგადოება და უფრო გამართული ქვეყანა.
თქვენ ამას ეუბნებოდით არა იმიტომ, რომ ხმა მიეცათ თქვენთვის, ან თქვენი თანამოაზრეებისთვის, ან რომელიმე პარტიისთვის, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერისთვის, არამედ ეუბნებოდით, რომ ეს ქმედება მათ უნდა განეხორციელებინათ იმისთვის, რომ ასე მუშაობს სახელმწიფო, ასე იქმნება და მთლიანდება საზოგადოება, ასეთი ფორმით მუშაობს დემოკრატია.
მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს თქვენ გაუღვიძეთ ეს ემოცია, ეს სულისკვეთება, ეს იმედი.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს, რასაც თქვენ აკეთებდით და ის გამოცდილება, რაც თქვენ მიიღეთ არ დამთავრდება აქ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თქვენს მეგობრებს, თქვენს მეზობლებს, იგივეს გაუზიარებთ და იგივეს მოუწოდებთ, რომ აუცილებლად, დაკვირვებით, გულისყურით შეხედონ რას აკეთებენ პოლიტიკოსები, შეაფასონ მათი ქმედებები, ნიშნები დაუწერონ მათ საარჩევნო ყუთებთან მისვლისას"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პროექტი საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას ითვალისწინებს, ერთერთი ასეთი ბანაკი სწორედ ამბროლაურში მოეწყო.
საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს გააგრძელებს და წყალტუბოს, ანაკლიას, შეკვეთილს, ზუგდიდს და სიღნაღს ეწვევა.