პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მას მხარი დაუჭირეს 2018 წელს, რაც იყო ნაცმოძრაობის არ მობრუნება, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია და განსაკუთრებით მეორე ტური. პირველი ტური იყო აბსოლუტურად პერსონიფიცირებული და საბოლოო ჯამში გაჭირდა სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების მოპოვება ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით.
მეორე ტური აბსოლუტურად სხვა გარემოებებში გაიმართა. მთავარი ამოსავალი წერტილი, რატომაც გამოვიდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი და ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილს, იყო ის, რომ ამ ადამიანებს არ უნდოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.
როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ერთადერთი მიზანი, ამის უკან დგას სწორედ ეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, აირიოს ვითარება და მერე, ამ ადამიანებმა მიგვიყვანონ იგივე შედეგებამდე რა შედეგებამდეცმიგვიყვანეს მათ შორის 2008 წელს. აქედან გამომდინარე, მინიმუმ, პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მას მხარი დაუჭირეს 2018 წელს, რაც იყო ნაცმოძრაობის არ მობრუნება. სააკაშვილის გათავისუფლების უკან არავითარი ჰუმანიტარული მიზნები არ დგას, ერთადერთი მიზანი არის ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დაბრუნება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.