"არავის აქვს უფლება განახორციელოს პოლიტიზებული ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, რისი მცდელობაც არის ნაცმოძრაობის და მისი მხარდამჭერების მხრიდან" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“- ში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არის წმინდა პოლიტიკური და პიარული კამპანია და ამ კამპანიას ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რა მიზანიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას
„2022 ბრძოლით სავსე წელიწადიც იყო ,თუმცა, მთლიანობაში, მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა და სირთულისა, წარმატებული წელი იყო. დღეს რაც შეეხება ამ ბრძოლის გაგრძელებას, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ კამპანიასთან, რომელიც წარმოებულია მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს არის წმინდა პოლიტიკური და პიარული კამპანია და ამ კამპანიას ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რა მიზანიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას. ამ კამპანიას იგივე ადამიანები აგორებენ, ვინც თავის დროს უზრუნველყო საქართველოში სააკაშვილის ჩამოყვანა. მაშინაც მიზანი იყო იგივე - ეს იყო ქვეყანაში ვითარების არევა და ამის საბოლოო კულმინაცია იყო მეორე ფრონტი და ახლაც, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანია კიდევ ერთხელ ქვეყნის არევა და აქაც საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია.
ამას არ ვამბობთ მხოლოდ ზოგადი ლოგიკის საფუუძველზე. ამას ვამბობთ კონკრეტული ინფორმაციის, კონკრეტული პროცესების საფუძველზე, რომლებმაც გაიარა არა მარტო საჯარო სივრცეში, არამედ ქართული პლიტიკის კულისებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, პრინციპული უნდა ვიყოთ ამ ბრძოლაში, არ უნდა ავყვეთ პოლიტიკურ კამპანიას, პიარულ კამპანიას და რაც მთავარია, არავის აქვს უფლება განახორციელოს პოლიტიზებული ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, რისი მცდელობაც არის ახლა ნაცმოძრაობის და მისი მხარდამჭერების მხრიდან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შეწყალების უფლება არის აბსოლუტური, მაგრამ მორალი არ არის ისეთი კატეგორია, სადაც აბსოლუტური უფლებებით შეიძლება იმოქმედო.
„ფორმალურ მხარეს თუ ავიღებთ, შეწყალების უფლება არის აბსოლუტური, მაგრამ მორალი არ არის ისეთი კატეგორია, სადაც აბსოლუტური უფლებებით შეიძლება იმოქმედო. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ პროცესს უკავშირდება, პოლიტიკურ და პიარულ კამპანიას, ეს იქნებოდა აბსოლუტურაად ამორალური ნაბიჯი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ