"ვინც დღეს ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით, ყველა მოქმედებს მეორე ფრონტის ინტერესის კარნახით," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის ლოკალური ომის პარტიის ერთ-ერთი რიგითი წევრი.
„ახალი დაწყებული იყო ომი და მარგველაშვილი ითხოვდა ინტენსიურად სამხედრო შეიარაღების შესყიდვას. როდესაც ახალი დაწყებული ომის პირობებში ქვეყანა ყიდულობს ინტენსიურად იარაღს და წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ იცის, რომ ეს იარაღი ცოტა ხანში საქართველოში უნდა შემოვიდეს. ეს ხომ იმაზე მეტი პროვოკაციაა, ვიდრე მოხალისეების თვითმფრინავით გაგზავნა?! მარგველაშვილი არის ლოკალური ომის პარტიის ერთ-ერთი რიგითი წევრი. აქამდე დავიდა კაცი, რომელსაც თავის დროზე პრეზიდენტი ერქვა.
ჩვენ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ, რადგან ასეთი ომი იქნება გამანადგურებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც, რაც მან დააფიქსირა თავის საჯარო წერილში. მართალია, ბევრი რამ მინიშნებებით იყო ნათქვამი, მაგრამ დაკვირვებული კაცი იქ ყველაფერს ამოიკითხავდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით რადიკალური ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ხელმოწერებს აგროვებს. ამ პროცესს სათავეში უდგას ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს.