logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა
- +

30 დეკემბერი. 2022. 12:27

 

 

„ეკონომიკური ზრდის ნოემბრის თვის მაჩვენებელმაც დაადასტურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების პროგნოზი, გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რასაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის ძლიერი მაკროეკონომიკური პოლიტიკა“, - ამის შესახებ საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.

 

მისივე თქმით, მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს სამუშაო ადგილების შექმნაზე და უმუშევრობის შემცირებაზე:

 

„ნოემბერში გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, მიუხედავად მაღალი ბაზისური ეფექტისა იმ ფონზე, რომ წინა წლის ნოემბერში მნიშვნელოვნად მაღალი 12.0-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

 

2022 წლის იანვარ-ნოემბერის საშუალო ზრდა 10.0%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA)) პირველი მიმოხილვა დაამტკიცა, სადაც დაეთანხმა საქართველოს მთავრობის 10%-იანი ზრდის პროგნოზს, ხოლო თავის შეფასებებში ნათლად აღნიშნა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების განგრძობადობის მიმართულებით.

 

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.

 

ნოემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 16.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 7,207 ერთეულს გაუტოლდა, რაც 62.3 პროცენტით მეტია 2021 წლის ნოემბრის თვის მონაცემზე. ნოემბერში ეკონომიკური ზრდა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ წინა თვეების ანალოგიურად დივერსიფიცირებული იყო და მასში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა: მშენებლობის; ტრანსპორტისა და დასაწყობების; წყალმომარაგების; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; სამთო-მოპოვებითი მრეწველობის; ვაჭრობის; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების და სოფლის მეურნეობისა სექტორებმა.

 

2022 წლის ნოემბერში ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2022 წლის ნოემბერში ექსპორტი 14.1%-ით გაიზარდა 491.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

ნიშანდობლივია, რომ ნოემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 51.2%-ით გადააჭარბა და 305.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ივლისიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აჭარბებს პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი.

 

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რაც წლის ბოლოს გადააჭარბებს 2017 წლის ისტორიულ 1.9-მილიარდიან მაჩვენებელსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის მიხედვით პუი-ს მაჩვენებელმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს სამუშაო ადგილების შექმნაზე და უმუშევრობის შემცირებაზე.

 

შემთხვევითი არ არის, რომ პირველი სამი კვარტლის მიხედვით უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, გაზრდილია საშუალო ხელფასი და სამუშაო ძალის ბაზისური მაჩვენებელიც!

 

„სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023-2027 წლებში, 5-6 % იანი ზრდა გვექნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის კონსერვატორული შეფასება, და ფონდის მოხსენების ნაწილში, ფაქტობრივად, შესული არაა ისეთი 2 მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, როგორიცაა შავ ზღვაზე გამავალი კაბელის პროექტი (ეს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ, პროექტი საკმაოდ დიდი ინვესტიციის შემომტანია, დაახლოებით 2, 3 მილიარდ დოლარზეა საუბარი) და „ხუდონჰესის“ პროექტი, რომელიც წლის ბოლოს დაიწყება, ენერგეტიკა გახდება მომავალი წლების ზრდის ხელშემწყობი წამყვანი ფაქტორი, რაც სინერგისტულ ეფექტთან ერთად ზრდის უფრო მაღალ 7,5 – 8, 5 %. მაჩვენებელზე გაგვიყვანს!

 

ეს მოცემულობა შესაძლებლობას მოგვცემს, უკვე 2027 წლისათვის გავზარდოთ როგორც ეკონომიკა, მინიმუმ გავაორმაგოთ, ასევე ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი გავზარდოთ და მივუახლოვდეთ 15 000 აშშ დოლარს, დღევანდელი 6700 აშშ დოლარიდან, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსზე გაგვიყვანს“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner