logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: საქართველო იწყებს მულტიფუნქციური რეგიონული ჰაბის როლის შესრულებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში
- +

30 დეკემბერი. 2022. 13:10

 

 

„რთული საერთაშორისო ვითარებისა და გაზრდილი გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა 2022 წლის ნოემბერში  ინარჩუნებდა მდგრადობას და ზრდის საკმაოდ მაღალ ტემპს და ამ მხრივ რეგიონის სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით უპირობოდ წარმოადგენდა ლიდერ სახელმწიფოს. ეკონომიკის ზრდამ ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან  9.3 პროცენტი, ხოლო მთლიანად იანვარ-ნოემბერში, შესაბამისად, 10.0 პროცენტი შეადგინა. ნოემბერში საქართველოს ეკონომიკაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 13.0 პროცენტით გადააჭარბა კრიზისამდელი 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელს“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის დარგში იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტი იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც ეკონომიკის ზრდას განაპირობებს. მისი თქმით, ესენია ბიზნესსუბიექტთა მზარდი აქტიურობა, დასაქმების გაუმჯობესება, საგარეო სექტორი და ა.შ.

 

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი, ხელისუფლების ძალისხმევის ფონზე გარე ნეგატიური ფაქტორებისა და გამოწვევების მაქსიმალური ნიველირების მიზნით, ქმნიან საკმაოდ მყარ საფუძველს 2023 წელსა და საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილ პერიოდში ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მდგრადი, კომპლექსური და სტაბილური განვითარებისათვის.

 

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, საქართველო იწყებს მულტიფუნქციური რეგიონული ჰაბის როლის შესრულებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში და აქვს სერიოზული მზაობა, უახლოეს მომავალში ასეთივე როლი შეასრულოს ფინანსების სფეროშიც.

 

„ნოემბერში დაფიქსირდა  ბიზნეს-სუბიექტთა მზარდი აქტიურობა. - ყოველდღიურად ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 240 ერთეული შეადგინა, რაც 7 ერთეულით აღემატება წინა თვის და 92 ერთეულით (62.3%-ით) -  ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. შრომის ბაზარზე შეინიშნება რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესება: იზრდება დასაქმების დონე - ძირითადად დაქირავებით დასაქმებულთა მატების ხარჯზე, აგრეთვე საშუალო ხელფასი, რომელმაც საგრძნობლად გადაუსწრო ინფლაციის დონეს (ზრდა წინა წელთან, შესაბამისად, 16.5 პროცენტით და 11.0 პროცენტით), რამაც უზრუნველყო დაქირავებულთა რეალური ხელფასის ზრდა არანაკლებ 5 პროცენტით. ნომინალური ხელფასის მატებამ 226.5 ლარით და ლარის კურსის გამყარებამ აშშ დოლართან უზრუნველყო აშშ დოლარებში დენომინირებული საშუალო ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელმაც საგრძნობლად გადააჭარბა 500-დოლარიან მიჯნას და 565  დოლარი შეადგინა. 

 

თვეზე გაანგარიშებით დაქირავებით დასაქმებულთა სახელფასო ფონდი წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.2 პროცენტით, რაც ინფლაციის მაჩვენებელს სულ ცოტა, 2.5-ჯერ აღემატება. შესაბამისად, გაიზარდა მოსახლეობის მყიდველობითი უნარიანობა და პარალელურად, ზეწოლა სამომხმარებლო ბაზარზე, რაც არ გამორჩენია საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა ძლიერ ადგილობრივ მოთხოვნას, როგორც მაღალი ინფლაციის მდგენელს საქართველოში.

 

ეკონომიკის ზრდაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს. ნოემბერში ქვეყნის ექსპორტი 14.1 პროცენტით გაიზარდა და 491.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. იმავე პერიოდში ექსპორტის სასაქონლო ნომენკლატურა HS 4-ნიშნა სასაქონლო პოზიციების მიხედვით 9.8 პროცენტით გაიზარდა და 619 შეადგინა.  ყოველი ერთი მილიარდი აშშ დოლარის ექსპორტს ამჟამად მხოლოდ 66 დღე სჭირდება, შარშანდელი 87 დღის ნაცვლად.

 

ეკონომიკის ზრდამ, დასაქმების გაუმჯობესებამ და მოსახლეობის შემოსავლების მატებამ, აგრეთვე ლარის კურსის გამყარებამ გაზარდა მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქციაზე. მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე ფასების (აგფლაციის) გამორიცხვით,  ამ სახის საქონლის ყოველდღიური იმპორტი გასულ წელთან შედარებით, 1.0 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა.

 

საქართველოს მზარდი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის როლის ზრდას ადასტურებს ისიც, რომ რეექსპორტი მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 41,9 პროცენტით, რეექსპორტის ზრდის ტემპმა 2022 წლის ივნისიდან გადააჭარბა ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტემპს, ხოლო 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ექსპორტის  მატება მთლიანად უზრუნველყო რეექსპორტის მატებამ. შესაბამისად, ნოემბერში რეექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში წინა წელთან შედარებით 1.6-ჯერ და მეტად გაიზარდა და 38.5 პროცენტს მიაღწია (2022 წ. ნოემბერში - 24.2 პროცენტი).

 

ცალკეული ქვეყნების მიხედვით რეექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ ექსპორტს. მაგალითად, აზერბაიჯანში მთელი ქართული ექსპორტის 77.1 პროცენტი, ხოლო  სომხეთში - 67.1 პროცენტი, რეექსპორტზე მოდის.

 

ქვეყნის ეკონომიკაში სწრაფად იზრდება ტურისტული ინდუსტრიის როლი. ნოემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 51.2%-ით გადააჭარბა და 305.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. არარეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში წინა წელთან შედარებით 2.6-ჯერ გაიზარდა.  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წლის მესამე კვარტალში 540 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.5-ჯერ აღემატება საქართველოს რეზიდენტების მიერ იმავე პერიოდში საზღვარგარეთ გაწეულ დანახარჯებს. თითქმის 2 დღე-ღამით გაიზარდა უცხოელი ტურისტების საქართველოში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა (4.85 დღიდან 6.76-მდე). ამასთან, თითოეული ტურისტის საშუალო სადღეღამისო ხარჯების მოცულობამ 2022 წელს 2019 წლისას 43 აშშ დოლარით გადააჭარბა და თითქმის 127 აშშ დოლარს მიაღწია.

 

ეკონომიკური ზრდა შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს საბიუჯეტო სახსრები და უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინოს სოციალურმა ხარჯებმაც. 2022 წლის ნოემბერში საბიუჯეტო შემოსავლები 35.9 პროცენტით, ხოლო ხარჯები - 16.1 პროცენტით გაიზარდა.

 

ნოემბერში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების, აგრეთვე წმინდა ტრანზაქციების მოცულობამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია (შესაბამისად, 521.2 მლნ აშშ დოლარი და 489.7 მლნ აშშ დოლარი) და წინა წლის ნოემბერთან  შედარებით გაიზარდა, შესაბამისად, 151.4 პროცენტით და 178.9 პროცენტით. ამასთან,  ფულადი ტრანზაქციების 60.7 პროცენტი და აღნიშნული ტრანზაქციების მატების 89.8 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა.

 

საქართველოს ეკონომიკის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი, ხელისუფლების ძალისხმევის ფონზე გარე ნეგატიური ფაქტორებისა და გამოწვევების მაქსიმალური ნიველირების მიზნით, ქმნიან საკმაოდ მყარ საფუძველს 2023 წელსა და საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილ პერიოდში ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მდგრადი, კომპლექსური და სტაბილური განვითარებისათვის.

 

საქართველო იწყებს მულტიფუნქციური რეგიონული ჰაბის როლის შესრულებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში და აქვს სერიოზული მზაობა, უახლოეს მომავალში ასეთივე როლი შეასრულოს ფინანსების სფეროშიც. ყოველივე ამას ექნება მაღალი მულტიპლიკაციური ეფექტი არამარტო ქვეყნის ეროვნული პროდუქტის ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხრივ.

 

აღნიშნული პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ავტორიტეტულ საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ ინსტიტუტებს. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავის შეფასებებში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების განგრძობადობის მიმართულებით“, - წერს არჩვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner