logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: ხალხი კი იდგა კოკისპირულ წვიმაში და სახელგანთქმულ ბრაზილიელს ეთხოვებოდა
- +

30 დეკემბერი. 2022. 22:52

 

R.I.P. PELE

2004 წელს საქართველოს საფოსტო ადმინისტრაციამ ფიფას 100 წლისთავთან დაკავშირებით ოთხმარკიანი სერიის დიზაინი შემიკვეთა. გადავწყვიტე, მარკებზე სხვადასხვა დროის ოთხი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გამომეხატა და თითოეულ მარკაზე მათ გარდა „ფეხბურთის მეფის“ – პელეს გამოსახულებაც ყოფილიყო, სწორედ იმგვარად მოქცეული ოვალში, როგორც ამა თუ იმ ქვეყნის საფოსტო მარკებზე მმართველი მონარქის პორტრეტს ბეჭდავენ ხოლმე. ხოლო გამოსახულებებად ამ ფეხბურთელთა კარიკატურები შევარჩიე – კარიკატურა ხომ პოპულარობის ერთი ყველაზე მკაფიო ვიზუალური მარკერია. ჩემი ესკიზები საფოსტო ადმინისტრაციაში მოიწონეს, დაამტკიცეს და ასე გაჩნდა 2004 წლის საქართველოს საფოსტო მარკებზე პელესთან ერთად პელემდელი, პელეს და პელეს შემდგომი ეპოქის ოთხი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის, ოთხი თავდამსხმელის – ბორის პაიჭაძის, ავთანდილ ღოღობერიძის, მიხეილ მესხისა და დავით ყიფიანის გამოსახულებები. ამ ხუთი ფეხბურთელიდან მაშინ მხოლოდ პელე იყო ცოცხალი. და აი, დღეს ისიც იმქვეყნიური გუნდის წევრი გახდა.

რაგინდ ბევრი ვიკამათოთ, ვინ იყო და ვინ არის ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი – პელე, მარადონა თუ მესი, ეჭვგარეშეა, რომ სამივენი სპორტის ამ ყველაზე პოპულარული სახეობის საუკეთესო წარმომადგენლები არიან, ხოლო თავად ფეხბურთი თავის პირველსპორტობას და პოპულარობას, დიდწილად და უწინარეს ყოვლისა, სწორედ პელეს უნდა უმადლოდეს. დალი კოკაია-ფანჯიკიძის მიერ თარგმნილი მისი პატარა წიგნი „მე, პელე“ ჩემი მოსწავლეობისას ყველა ჩემს თანატოლს ჰქონდა წაკითხული.

1978 წელს, როცა პელემ თავისი ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა დაამთავრა, მარადონა მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა, როგორც ფეხბურთელი, მესი კი ჯერ დაბადებულიც არ იყო. პელე საფეხბურთო სამყაროში მაშინ განუყოფლად ბატონობდა. მისი ფეხბურთიდან წასვლით ერთი დიდი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა მსოფლიო სპორტში. ამ მოვლენასთან დაკავშირებული ჩემს კომპილაციურ წერილს, რომელიც მაშინ ჟურნალ „მართვეში“ გამოვაქვეყნე, 1965 წლის 4 ივლისს მოსკოვში გადაღებული ეს ცნობილი ფოტოც ერთვოდა, რომელზეც პელე ქართველი ფეხბურთელების გარემოცვაშია აღბეჭდილი. იმ დღეს სსრკ-ბრაზილიის ამხანაგური მატჩში ხუთი ქართველი თამაშობდა – მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია და ანზორ კავაზაშვილი, რომელიც მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. მატჩის შემდეგ გადაღებულ ამ ფოტოზე არ არის ბარქაია, რადგან 68-ე წუთზე იგი ანდრეი ბიბამ შეცვალა.

იმ წერილს სათაურად PELE ეწერა ლათინური ასოებით, რამდენიმე წლის შემდეგ კი, როცა იგი ჩემს წიგნში შევიტანე, სათაურად „წასვლა“ დავარქვი. ეს სათაური მხოლოდ სპორტიდან წასვლას გულისხმობდა და გულისხმობს, მაგრამ ახლა, პელეს გარდაცვალების შემდეგ, მან მეტი და უფრო დრამატული მნიშვნელობა შეიძინა.

სწორედ იმ ძველი წერილით მინდა გამოვეხმაურო სამწუხარო ცნობას პელეს ამქვეყნიდან წასვლის შესახებ.

წ ა ს ვ ლ ა

არგენტინაში ჩატარებულ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს 6000 ჟურნალისტი და კომენტატორი აშუქებდა. მათ შორის ბევრი იყო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რომელთაგან მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებიც კი შეადგინეს: ანტონიო კარბახალი (მექსიკა), კარლოს ანდრადე (ურუგვაი), ნილტონ სანტოსი (ბრაზილია), ბობი და ჯეკი ჩარლტონები (ინგლისი), ომარ სივორი (არგენტინა, იტალია), რაიმონ კოპა (საფრანგეთი), ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, ესპანეთი), ჟიუსტ ფონტენი (საფრანგეთი), ლუის კუბილა (ურუგვაი) და პელე (ბრაზილია).

ამ ჩემპიონატზე პელე ვენესუელის ტელევიზიის სპეციალური კომენტატორი იყო. არგენტინაში იგი მექსიკიდან ჩავიდა, სადაც მისი მონაწილეობით შექმნილი ფილმის პრემიერაზე იყო მიწვეული. ფეხბურთელის ნიჭთან ერთად პელეს კინომსახიობისა და მომღერლის ტალანტიც აღმოაჩნდა და უკვე ოცამდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. ახლა იგი თითქმის მთელ თავის დროს კინოსა და კომერციას ახმარს. ფეხბურთი ნელ-ნელა მეორე პლანზე გადავიდა.

ნახევარფინალები ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, როცა პელეს მესამე ქალიშვილის დაბადება აცნობეს. იგი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ნიუ-იორკში. აქ მას სპეციალური საფეხბურთო სკოლა აქვს გახსნილი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველი, ვინც პელეს სკოლაში ბავშვი მიიყვანა, ცნობილი დასავლეთგერმანელი ფეხბურთელი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი ვოლფგანგ ოვერატი იყო. ალბათ სწორედ ამ სკოლის გამო პელე თავისი ოჯახით ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თუმცა უკვე ერთი წელია, რაც შეწყვიტა გამოსვლა ნიუ-იორკის „კოსმოსში“ და სამუდამოდ გამოეთხოვა დიდ ფეხბურთს.

* * *
— მორჩა. ხვალ ალბათ ავდგები, ავიღებ ფორმას, სავარჯიშოდ წასვლას დავაპირებ და უცებ გამახსენდება, რომ მივატოვე! — თქვა 1977 წლის 1 ოქტომბერს 36 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ედსონ არანტეს დო ნასიმენტომ, რომელსაც მსოფლიო პელეს სახელით იცნობს.

„პელე ჯერ კიდევ სკოლაში შემარქვეს. არ ვიცი, საიდან მოიგონეს ან ვინ შემარქვა ეს სახელი“.

მაშინ, რასაკვირველია, ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სახელი მთელ საფეხბურთო, და არა მარტო საფეხბურთო, სამყაროს აალაპარაკებდა, რომ ფეხსაცმელების მწმენდელი კრეოლი ბიჭუნა „ფეხბურთის მეფედ“, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად იქცეოდა“.

„დავიბადე 1940 წლის 23 ოქტომბერს მინას-ჟერაისის შტატის პატარა სოფელში, რომელსაც ტრეს-კორასოესი – სამი გული – ჰქვია. სხვა ბრაზილიელი ბიჭუნების მსგავსად, ყველა თამაშზე მეტად ფეხბურთი მიყვარდა. ვთამაშობდით ქაღალდის, ჭინჭის ან ჩალის ბურთით. ზოგჯერ ბურთის მაგივრობას ჩვეულებრივი მანდარინი გვიწევდა. „ნამდვილი“ თამაში 7 წლისამ დავიწყე. ეს იყო ბაურუში, სადაც მთელი ჩვენი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად. ჩვენი უბნის გუნდს „7 სექტემბერი“ ერქვა. ვთამაშობდით დაღამებამდე, ვიდრე ბურთის გარჩევა შეგვეძლო. მერე ქუჩაზე ფარნები დადგეს და ღამითაც ვთამაშობდით ხოლმე, წვიმიანი ამინდიც კი ვერ გვიშლიდა ხელს“.

...კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ნიუ-იორკის უდიდესი სტადიონი „ჯაიანტსი“ პირთამდე იყო სავსე. გაიყიდა ყველა 75 646 ბილეთი. ამას გარდა, ვინ იცის, რამდენი იყო უბილეთო! ყველას უნდოდა საკუთარი თვალით ეხილა პელეს უკანასკნელი მატჩი. ერთმანეთს ხვდებოდნენ ბრაზილიის „სანტოსი“ და ნიუ-იორკის „კოსმოსი“ – ორად ორი კლუბი, რომლის ღირსებასაც იცავდა პელე პროფესიონალი ფეხბურთელის მთელი 22-წლიანი კარიერის მანძილზე. პირველ ტაიმში პელე „კოსმოსის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. მან ამ გუნდში უკანასკნელი 3 წელი დაჰყო და 140 მატჩი ითამაშა. დანარჩენი 19 სეზონი პელემ „სანტოსში“ გაატარა, სადაც იგი 15 წლისა მივიდა.

„სანტოსის“ ფორმას რომ ვიცვამდი, მუხლები მიკანკალებდა. ფეხბურთელები მომჩერებოდნენ და რაღაც საშინელი სირცხვილის გრძნობა მწვავდა. ძალზე მრცხვენოდა ჩემი გამხდარი ტანისა: მაშინ მე მხოლოდ 60 კილოგრამს ვიწონიდი. პირველი ვარჯიშის შემდეგ გასახდელში პეპე შემომხვდა და შემომძახა:
— ყოჩაღ, პელე!“

მერე პელეს ხელშეკრულება დაუდეს და ის პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა. პირველი მატჩი, როგორც პროფესიონალმა, მან „სანტოსის“ შემადგენლობაში ითამაშა 1956 წლის 7 სექტემბერს. დიახ, სწორედ 7 სექტემბერს!

ამ დღიდან დაიწყო პელეს ლეგენდარული კარიერა. „სანტოსი“ კი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი საკლუბო გუნდი გახდა: მან ორჯერ მოიპოვა საკონტინენტთაშორისო თასი. სწორედ „სანტოსის“ შემადგენლობაში დაამყარა პელემ ფანტასტიკური, ყველა სხვა ფეხბურთელისთვის დღემდე მიუღწეველი რეკორდი: 1959 წლის სეზონში მან მოწინააღმდეგეთა კარში 125 გოლი გაიტანა! მაგრამ გოლიც არის და გოლიც: სწორედ იმ სეზონში „სანტოსისა“ და „ფლუმენენსეს“ მატჩში პელემ ბურთი თავისსავე საჯარიმო მოედანზე მიიღო მეკარე ჟილმარისაგან, მერე ბურთიანად გადაკვეთა მთელი მინდორი, მოატყუა თითქმის ყველა მოწინააღმდეგე, ცენტრალური თავდამსხმელით დაწყებული, მეკარით დამთავრებული, და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

1974 წლის 2 ოქტომბერს პელე დაემშვიდობა „სანტოსს“, დაემშვიდობა დიდ ფეხბურთს. გამოსათხოვარი ცერემონია გაიმართა „სანტოსისა“ და „პონტე პრეტას“ მატჩის დროს. შეხვედრის მე-20 წუთზე თამაში შეწყდა. პელე მოედნის ცენტრში იდგა ხელაწეული და თვალცრემლიანი ემშვიდობებოდა ხალხით გაჭედილ ტრიბუნებს. შემდეგ მაისური გაიხადა, თავს ზევით ააფრიალა ბაირაღივით და ასე შემოურბინა სტადიონს. „სანტოსის“ ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ ამიერიდან ამ გუნდში აღარავინ ჩაიცვამს მაისურს მე-10 ნომრით, მის ნაცვლად შემოღებული იქნება მე-12 ნომერი. ეს პელესადმი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება იყო. ასეთი დაფასება და სიყვარული კლუბის მხრიდან პასუხია იმ სიყვარულისა, რომლითაც პელე იყო გამსჭვალული მთელი ორი ათეული წლის განმავლობაში „სანტოსის“ მიმართ.
იმ მატჩის შემდეგ ბრაზილიაში გამოვიდა ვერცხლის მონეტა ფეხბურთიდან პელეს წასვლის აღსანიშნავად. მონეტის ავერსზე პელეს პორტრეტია, რევერსზე კი – ბურთი სტადიონის ფონზე. ბურთზე ასეთი წარწერაა: „ფეხბურთთან გამოთხოვების წელი – 1974“.

— 1974 წლის 2 ოქტომბერი ერთ-ერთ ყველაზე სევდიან დღედ დარჩება ჩემს ცხოვრებაში, — თქვა ამ მატჩის შემდეგ პელემ.
მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ფეხბურთის მეფე კვლავ დაუბრუნდებოდა ფეხბურთს და თავის უკანასკნელ გოლს სწორედ „სანტოსის“ კარში გაიტანდა!

ეს მოხდა ნიუ-იორკში 1977 წლის 1 ოქტომბერს, გამოსათხოვარი მატჩის 43-ე წუთზე. პელემ მიიღო ბეკენბაუერის გადაცემა და შორიდან შეუჩერებლად დაარტყა. ბრაზილიელთა მეკარეს ისღა დარჩენოდა, ბურთი კარიდან გამოეტანა. მაყურებლებმა თავი ვეღარ შეიკავეს, აღარ დაუცადეს ტაიმის დამთავრებას და მინდორზე გაცვივდნენ. პოლიცია უძლური აღმოჩნდა მათ წინააღმდეგ. შესვენების დროს სტადიონზე გაიმართა ნამდვილი ფიესტა, ნამდვილი სამხრეთამერიკული კარნავალი. მაგრამ საერთო მხიარულებას ერთგვარი სევდაც ახლდა – პელესთან სამუდამო განშორების სევდა.

მეორე ტაიმში გუნდებს კარები არ გაუცვლიათ. მხოლოდ პელემ შეიცვალა პოზიცია და „კოსმოსის“ მწვანე მაისურის ნაცვლად „სანტოსის“ თეთრი მაისური ჩაიცვა. „სანტოსის“ რიგებში კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად გამოჩნდა ფეხბურთელი მე-10 ნომრით...

ხალხი კი იდგა კოკისპირულ წვიმაში და სახელგანთქმულ ბრაზილიელს ეთხოვებოდა.

„თექვსმეტი წლისაც არ ვიყავი, როცა პირველად განვიცადე დიდი სიხარული: ჩავიცვი ბრაზილიის ნაკრების ფორმა და როკას თასის გათამაშებაში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამოვედი. ეს მოხდა 1957 წელს „მარაკანას“ სტადიონზე. მე მაცოლა შევცვალე და გოლიც გავიტანე“.

მას შემდეგ პელემ კიდევ 92-ჯერ ჩაიცვა ნაკრების ყვითელი მაისური და კიდევ 77 გოლი გაიტანა ამ გუნდის შემადგენლობაში. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატში და სამჯერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი ერთადერთი ტრეკამპეონი, ერთადერთი სამგზის ჩემპიონია მსოფლიოში. 1958 და 1970 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე პელე საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს; 1970 წელს ჟურნალისტებმა იგი წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელეს. პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. საერთოდ კი, ფეხბურთის სხვა გამოჩენილ ოსტატთაგან განსხვავებით, მას არასოდეს დასჭირვებია თავისი სიდიადის დამტკიცება.

1970 წლის 25 ოქტომბერს ბრაზილიის ქალაქ მასეიოში საზეიმოდ გაიხსნა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესო სტადიონი „მეფე პელე“.

1971 წლის აპრილში ბრაზილიის ნაკრებისა და საფრანგეთის კლუბების – „მარსელისა“ და „სენტ-ეტიენის“ მოთამაშეებისაგან შემდგარი გუნდის მატჩის შემდეგ, რომელიც „კოლომბოს“ სტადიონზე გაიმართა, ბრაზილიელთა გასახდელში ფოტორეპორტიორების თანხლებით მივიდა ფრანგი კინოვარსკვლავი ბრიჯიდ ბარდო. რეპორტიორებმა სთხოვეს პელეს, ეკოცნა ბრიჯიდ ბარდოსთვის, მაგრამ მან ეს შორს დაიჭირა:

— დიდი სიამოვნებით ვაკოცებდი, მაგრამ ეს არ მოეწონებოდა ჩემს ცოლს! ესეც რომ არა, ასეთი რეკლამა მე არ მჭირდება!
როცა ჟურნალისტებმა პელეს იძულება სცადეს, მან გაქცევით უშველა თავს.

ამ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე, 1971 წლის მარტში, როდესაც მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად შეიკრიბა ბრაზილიის ნაკრები, რიო-დე-ჟანეიროში, მიგელ კოუტოს ჰოსპიტალში პელე ამხანაგებთან ერთად სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. ჰოსპიტლის დერეფანში, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს, როგორც ყოველთვის, ფოტოგრაფებისა და რეპორტიორების ჯგრო მიაცილებდა, პელემ მშვიდად თქვა: „ივლისში მე ვითამაშებ გამოსათხოვარ მატჩს და წავალ ნაკრებიდან. შეიძლება, ასეთი მატჩი ორიც იყოს: სან-პაულუსა და რიო-დე-ჟანეიროში“.

ამ განცხადებამ შეძრა მთელი ბრაზილია ქვეყნის პრეზიდენტიდან ვიდრე სკოლის მოსწავლემდე. მთელი ბრაზილია იბრძოდა ნაკრებში პელეს დაბრუნებისათვის. გაზეთები, რადიო და ტელევიზია ყოველდღე აცხადებდნენ: „პელე სჭირდება ნაკრებს!“ ბრაზილიელი გულშემატკივრებისაგან ფეხბურთელი ყოველდღიურად ათასობით წერილს იღებდა, ქვეყნის სპორტის კონფედერაციამ კი რამდენიმე ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა პელეს, რათა მას შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება.
— თქვენ ხომ საუცხოო ფორმაში ხართ! — უთხრეს ჟურნალისტებმა პელეს გარინჩასთან გამოსათხოვარი მატჩის შემდეგ; ამ მატჩში პელემ ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ ჯერ ისევ საუკეთესოა ქვეყნის ნაკრებში და გაიტანა გოლი, რომელსაც დღემდე უჩვენებენ ნიმუშად ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
— სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მე ნაკრების დატოვება! ცუდად რომ მეთამაშა, ასეთ გადაწყვეტილებას სხვები მიიღებდნენ!
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ფეხით გაიარა 3 000 კილომეტრი რესიფიდან სან-პაულუმდე და გზაში მოაგროვა ათასობით ხელმოწერა სახალხო მოწოდებაზე, რომლითაც ბრაზილიელები სთხოვდნენ პელეს, დარჩენილიყო ნაკრებში.
ბრაზილიელებმა ამ კამპანიაში ბავშვებიც ჩააბეს, იცოდნენ რა პელეს დიდი სიყვარული მათდამი: მშობლებს საგანგებოდ დაჰყავდათ ბავშვები სტადიონზე და ისინიც მთელი ხმით გაჰყვიროდნენ: „პელე, დაბრუნდი ნაკრებში!“
მაგრამ პელეს გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია.

პირველ გამოსათხოვარ მატჩში სან-პაულუს სტადიონზე ბრაზილიის ნაკრები ავსტრიელებს შეხვდა. მატჩი ფრედ დამთავრდა – 1:1. გოლი პელემ გაიტანა. ერთი კვირის შემდეგ კი, 1971 წლის 18 ივლისს, „მარაკანას“ სტადიონზე, სადაც 14 წლის წინ პელე პირველად გამოვიდა ბრაზილიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა უკანასკნელად ჩაიცვა ნაკრების ფორმა. ამ მატჩში პელემ ვერ შეძლო „თავისი“ გოლის გატანა, თუმცა ბრაზილიელთა მთელი გუნდი იქამდე იყო მონდომებული, რომ აშკარა საგოლე მდგომარეობიდანაც კი არ ურტყამდნენ და მას აწოდებდნენ ბურთს. პელე კი ღელავდა; ღელავდა უფრო მეტად, ვიდრე ნაკრებში პირველი გამოსვლისას. თანაც, ბრწყინვალედ ითამაშა იუგოსლავიელთა მეკარემ ვუკჩევიჩმა.

156 ათასი ტორსედორესი მოვიდა „მარაკანაზე“, რათა ენახა პელეს – ბრაზილიის ეროვნული გმირის – უკანასკნელი 45 წუთი ქვეყნის ნაკრებში. მათ ნამდვილი ბრაზილიური ტრადიციებით გააცილეს თავიანთი კერპი: პეტარდები, დროშები, ლოზუნგები, ნაციონალური საფეხბურთო ჰიმნი „წინ, ბრაზილია!“ და შეძახილები: „ფიკა, ფიკა!“ – „დარჩი, დარჩი!“

დიდი იყო ცდუნება, ერთი ტაიმით მაინც გაეხანგრძლივებინა პელეს თავისი ყოფნა ნაკრებში, მაგრამ მას სიტყვისათვის არ უღალატია. მეორე ტაიმში პელე კლაუდიომირომ შეცვალა. მეტოქეებმა ორ-ორი გოლი გაიტანეს და თამაში ფრედ დამთავრდა. როგორც კი ბელგიელმა არბიტრმა ლორუმ მატჩის დამთავრების ნიშანი მისცა, ისევ „აფეთქდა“ სტადიონი. მერე ათასობით თეთრი ბაირაღი აფრიალდა „მარაკანაზე“.
პელე ტიროდა; სველი მაისურით იწმენდდა ცრემლებს. მისმა თანაგუნდელებმა მაისურები გაიხადეს და სახსოვრად გადასცეს თავიანთ ლიდერს, რომელიც 14 წლის განმავლობაში ბრაზილიის საფეხბურთო დიდებას სჭედდა მსოფლიოს 88 ქვეყნის სტადიონებზე.

„მართალია, „ჩემი გოლი“ ვერ გავიტანე, მაგრამ გული არ დამწყვეტია. ძალიან მიხარია, რომ ბრაზილიის ნაკრები მეორე ტაიმშიც კარგად თამაშობდა. ჩვენ შეგვიძლია, კვლავაც ვიყოთ უძლიერესნი მსოფლიოში! ჩვენ უნდა ვიყოთ უძლიერესნი!“
ამ ორი მატჩის შემდეგ ბრაზილიის მაღაზიებში გამოჩნდა ყველის ახალი სახეობა „პელე“ – ვეება კვერი შუაში დიდი ნახვრეტით. კითხვაზე, თუ რატომ არის ყველი ასეთი, მეწარმემ უპასუხა: „იმიტომ, რომ ყველას ახსოვდეს, რამხელა სიცარიელე შეიქმნა ჩვენს ნაკრებში პელეს წასვლის შემდეგ!..“

ხალხი იდგა კოკისპირულ წვიმაში და სახელოვან ბრაზილიელს ეთხოვებოდა.

მანამდე პელე სამჯერ დაემშვიდობა ფეხბურთს: ორჯერ ნაკრებს – 1971 წელს და ერთხელ „სანტოსს“ – სამი წლის შემდეგ. მაგრამ, თავისი გადაწყვეტილებისა და გულშემატკივართა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პელე კვლავ დაბრუნდა. დაბრუნდა და ამჯერად ნიუ-იორკის „კოსმოსის“ ფორმა ჩაიცვა.

„დავბრუნდი იმიტომ, რომ წამოწყება მეტად ორიგინალური იყო. საქმე, უპირველეს ყოვლისა, ეხებოდა იმას, რომ ფეხბურთი დამკვიდრებულიყო კონტინენტზე, რომელიც ერთადერთი უწევდა წინააღმდეგობას ამ პოპულარულ თამაშს. როდესაც აქ ჩამოვედი, ყველაფერი გასაკეთებელი იყო; ყველაფრის მოსაგვარებლად კი მომიხმეს მე, პატარა ბრაზილიელი კეთილი კაცი და ეს მაშინ, როცა აქ 200 მილიონი მცხოვრებია...“

ბრაზილიელებმა კი მეტად მტკივნეულად განიცადეს პელეს „ემიგრაცია“. ცხელ გულზე მათ პარალელიც კი გაავლეს ჯეკლინ კენედის – ჯონ კენედის ქვრივის საქციელთან, რომელმაც თითქოს არად ჩააგდო ამერიკის პირველი ლედის სახელი და ცოლად გაჰყვა ბერძენ მილიარდერ არისტოტელე ონასისს.
მაგრამ პელემ იცოდა თავისი საქმე. მას მხარში ამოუდგნენ სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც: იტალიელი ჯორჯო კინალია, ბრაზილიელი კარლოს ალბერტო, დასავლეთგერმანელი ფრანც ბეკენბაუერი და ბოლოს, როცა უკლებლივ ყველა ამერიკულმა გაზეთმა გამოაქვეყნა პირთამდე სავსე საფეხბურთო სტადიონის ფოტო, რაც ამ ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარობის უჩვეულო ზრდას მოწმობდა, პელემ თქვა:

„მე არ შემიძლია დავფარო ჩემი სიხარული. ვფიქრობ, მეც შევუწყვე ხელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთის განვითარებას. ჩემი მისია აქ ამოწურულია“.

პელეს მეოთხე და უკანასკნელი გამოსათხოვარი მატჩი ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა. ლეგენდარული ფეხბურთელი ბავშვივით ტიროდა. მაგრამ წვიმდა და ცრემლები არავის შეუმჩნევია...

თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე პელემ 1363 ოფიციალური მატჩი ითამაშა და 1281 გოლი გაიტანა. მე-1000 გოლისათვის, რომელიც მან 1969 წლის 17 ნოემბერს „მარაკანაზე“ „სანტოსისა“ და „ვასკო და გამას“ მატჩში გაიტანა თერთმეტმეტრიანი დარტყმით, პელე ბრაზილიის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. (ხოლო მაყურებელთა რეაქციაზე, რომელიც ამ გოლს მოჰყვა, ერთმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა ხატოვნად თქვა: „ტრიბუნების გუგუნმა წამით თითქოს შეაჩერა წვიმა, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში არ გადაუღია!“

ერთხელ, 1964 წელს, პელემ ერთ მატჩში „ბოტაფოგოსთან“ 8 გოლი გაიტანა. ექვს შეხვედრაში მას 5-5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 30 მატჩში მოწინააღმდეგეთა მეკარეები აიძულა ოთხჯერ გამოეტანათ ბურთი საკუთარი კარიდან.

„მე ვამთავრებ ფეხბურთელის კარიერას და ვფიქრობ არა იმაზე, რამდენი გოლი გავიტანე და რამდენი მატჩი ვითამაშე, ანდა რამდენი ტიტული თუ მედალი მოვიპოვე, არამედ იმ ხალხზე, ვისთანაც შემახვედრა ფეხბურთმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ვფიქრობ მეგობრებზე, რომლებიც ფეხბურთმა შემძინა“.

იმ დღეს ეროვნული ნაკრები გუნდების ხუთი ცნობილი კაპიტანი, მსოფლიოს ხუთი ჩემპიონი მიესალმა პელეს: ბრაზილიელები ბელინი, მაურო და კარლოს ალბერტო, ინგლისელი ბობი მური და დასავლეთგერმანელი ფრანც ბეკენბაუერი.

ბეკენბაუერი და კარლოს ალბერტო იმ შეხვედრაშიც პელეს მხარდამხარ გამოდიოდნენ „კოსმოსში“, რომელმაც დაამარცხა „სანტოსი“ ანგარიშით 2:1.

მატჩის შემდეგ პელეს აუწყეს მისი მშობლიური ქალაქის – ტრეს-კორასოესის – გადაწყვეტილება, რომ აქ პელეს მუზეუმი გაიხსნას.

პელეს უკანასკნელ მატჩს ესწრებოდა მამამისი დონდინიო.

„მამაჩემი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამას ჩვენი ოჯახისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ის ძალიან მცირე გასამრჯელოს იღებდა. მიუხედავად ამისა, სულით არასოდეს დაცემულა და იმედი არ დაუკარგავს. სჯეროდა, რომ ერთხელ მასაც გაუღიმებდა ბედი“...

მატჩის შემდეგ პელემ თავისი მაისური მამამისს გადასცა.

„კოსმოსმა“, ისევე, როგორც სამი წლის წინ „სანტოსმა“, გადაწყვიტა, რომ ამიერიდან ამ გუნდის შემადგენლობაში აღარავინ ჩაიცვამს მაისურს მე-10 ნომრით.

„სანტოსისა“ და „კოსმოსის“ ფეხბურთელებმა მხრებზე შეისვეს პელე და მინდორი შემოატარეს. წვიმა ასველებდა ფეხბურთელის ბრინჯაოსფერ სხეულს, წვიმა ასველებდა მის მკერდზე მოელვარე პატარა ოქროს ჯვარს. აცრემლებული, ბედნიერი პელე ეთხოვებოდა გულშემატკივრებს, ეთხოვებოდა თავის „სანტოსს“, ეთხოვებოდა თავის „კოსმოსს“, ეთხოვებოდა ფეხბურთის სამყაროს.
— პელეს ნუღარ დამიძახებთ, — სთხოვა მან ჟურნალისტებს, — დღეიდან, ისევე როგორც ამ ოცი წლის წინათ, მე მქვია ედსონ არანტეს დო ნასიმენტო!

პელეს პატარა ბიჭსაც ედსონი ჰქვია. ვინ იცის, რამდენიმე წლის შემდეგ იქნებ სწორედ ის იყოს მამამისის ღირსეული მემკვიდრე. იმ დღეს კი, როცა პელე მინდვრიდან გადიოდა, იგი უცბად შემობრუნდა და „კოსმოსის“ კაპიტანს ფრანც ბეკენბაუერს უთხრა:

— შენ ჩემს მემკვიდრედ რჩები. დღეიდან შენ მსოფლიოს პირველი ფეხბურთელი ხარ!

— „მეფე“ „იმპერატორმა“ შეცვალა! — მოსწრებულად თქვა ძალაუფლების გადაცემის ამ მომენტზე ელენიო ერერამ.

„კაიზერი ფრანცი“, „ფეხბურთის იმპერატორი“ – ასეა მონათლული ჟურნალისტების მიერ ბეკენბაუერი. „მეფე“ და „იმპერატორი“ საუკეთესო მეგობრები არიან. პელე თავისი სპორტული კარიერის მანძილზე ნამდვილ იმპერატორებსაც შეხვედრია („შევხვდი ორ პაპს, ხუთ იმპერატორს, 108 მთავრობის ხელმძღვანელს...“), მაგრამ მისთვის უფრო დასამახსოვრებელი იყო შეხვედრა იმ უბრალო გულშემატკივრებთან, კოკისპირულ წვიმაში რომ მოვიდნენ „ჯაიანტსის“ სტადიონზე.

სტადიონი გუგუნებდა.

აღარავის ახსოვდა, არავის აინტერესებდა მატჩის ანგარიში.
ის დღე პელეს დღე იყო.

მარტო სტადიონზე შეკრებილი ხალხი კი არა, მთელი მსოფლიო ეთხოვებოდა „ფეხბურთის მეფეს“, პლანეტის უპოპულარეს ადამიანს.

იგი წავიდა.

და დარჩა სახელი, სახელი ყველასთვის ნაცნობი და ახლობელი, საოცარი და ლეგენდარული სახელი: პ ე ლ ე.

ჟურნ. „მართვე“, № 2, 1978

right_banner right_banner
არქივი
right_banner