ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა ვნახე „ტვ. პირველის“ რეპორტაჟი, თითქოს, ორ თვეში, ჩემი რექტორობის დროს, თსუ-ს 100 ათასი ლარი რესტორნებში გადაუხდია. მესმის, ადამიანი დაკვეთას ასრულებდეს, მაგრამ ესეც შეიძლება ნიჭიერად გააკეთო. ტყუილის მოგონებასაც თავისი საზღვარი აქვს. ჯერ ერთი, რეალური ხარჯი ამის ნახევარიც არ არის, მეორეც, ეს ეხება უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურას, პროფესურას და სტუდენტობას. ეს სიუჟეტი უნივერსიტეტისა და თითოეული მისი პროფესორის შეურაცხყოფაა. ისე გამოგყავთ, რომ ჩვენი პროფესურა საჭმელზეა დახამებული. დაახლოებით 95% ამ ხარჯებისა, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების დროს გამართული ფურშეტის ხარჯია. ერთი საბუთებს ჩახედეთ, როდინდელ ვალდებულებებზეა საუბარი. აქ ივნის-ივლისიდან მოყოლებული ვალდებულებებია. მეორეც, ელემენტარულად გაცნობოდით თსუ-ს სტრუქტურას. 7 ფაკულტეტს და 16 კვლევით ინსტიტუტს ბიუჯეტური ავტონომია აქვს და მათი ხარჯები 2021 წელს შედგა. მესამე, ამ ხარჯების ნაწილი საერთაშორისო კონფერენციების მომსახურებაა და ასევე, აკრედიტაციის წესით გათვალისწინებული ხარჯები.
სიმართლე კი არის ერთი - 20 ოქტომბრიდან თსუ-ს ცენტრალურმა ადმინისტრაციამ, ანუ იმ სტრუქტურამ, რომელიც რექტორის დაქვემდებარებაშია, წარმომადგენლობით ხარჯებში - უცხოელი სტუმრების მასპინძლობის ნაწილში დახარჯა დაახლოებით 1050 ლარი.
ასევე მაინტერესებს, რომელი ჟურნალისტური ეთიკა გაძლევთ უფლებას ჩემი სახელი დაუკავშიროთ ამ საკითხს. ეს ხომ სიბინძურეა - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კონფერენციის დროს, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილის გახსნას ვესწრებოდი, გამართულ ე.წ ალა-ფურშეტზე რექტორი დადის საჭმელად, ან ჩვენს პროფესურას მხოლოდ საჭმელი აინტერესებს. ოფიციალურ განცხადებას თსუ უახლოეს პერიოდში გააკეთებს და ჩვენი პროფესურის შეურაცხყოფისთვის არ გამოვრიცხავთ სასამართლო დავას“, - წერს ჯაბა სამუშია.