logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: ბატონმა იაშამ სიყვარულიც ფენომენალური იცოდა და მის ერთსა და განუმეორებელ ნაზიკო მაისურაძეს, თავის ულამაზეს მეუღლეს, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა
- +

31 დეკემბერი. 2022. 12:38

 

 

„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ

 

და მისროლია ისარი,

 

სად მამა-პაპა მეგულვის,

 

იმათი კუბოს ფიცარი,

 

სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ,

 

ჩემი სამშობლო ის არი.“

 

რაფიელ ერისთავის ამ სიტყვებით იწყება წიგნი „ჩემი ცხოვრების დაფანტული ფურცლები“, რომელიც დღევანდელ იუბილარს, საქართველოს სახალხო არტისტს - იაკობ ტრიპოლსკის ეძღვნება და ამომწურავად გვიამბობს  მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რასაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს აურაცხელი ფოტო-მასალა და მეგობრების საინტერესო მოგონებები. ჩემს დღევანდელ სტატიას მეც რაფიელ ერისთავის ამ ლექსით („სამშობლო ხევსურისა“) „მოვრთავ“, ხოლო ბატონი იაშას „პორტრეტს“ წიგნიდან ციტირებული რამდენიმე მოგონების მიხედვით დავწერ. პორტრეტის შექმნას დავიწყებ ჩვენი რეზო თაბუკაშვილის შეფასებით, რომლის სიტყვას ყოველთვის განსაკუთრებული ძალა ჰქონდა ქართველებისთვის: „იაშა ქართველი პატრიოტი კაცი იყო, თავით ფეხებამდე საქართველოსთვის ჩამწვარი.“ ამ პორტრეტის სრულყოფისთვის, აქვე გავიხსენებ გოდერძი ჩოხელის ნათქვამსაც: „ძია იაშა მოსიარულე სიკეთე იყო, იმდენად კეთილი,  რომ მამამისის მკვლელის შვილს პატრონობდა, მიჰყავდა ხოლმე შინ, აჭმევდა, ასმევდა, წამლებს ყიდულობდა. ძია იაშას ორივე შვილიც ეგეთია...“

 

რაკი გოდერძიმ ბატონი იაშას შვილები ახსენა, გეტყვით, რომ მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი  და ჩემი მეუღლე თანაკლასელები და განუყრელი მეგობრები არიან, მე და ირაკლი კი ჯერ კიდევ უცხო ენების ინსტიტუტიდან ვმეგობრობდით. ამიტომ, „ბიჭებისგან“ ბევრი ისტორია მსმენია ბატონ იაშას განსაკუთრებულ იუმორზე და მთის სიყვარულზე და ისიც ვიცი, რომ ფასანაურიდან ახალ ჩამოსულსაც კი, გული კვლავ იქითკენ მიუწევდა. აქვე დავიმოწმებ თენგიზ არჩვაძეს: „როცა მეგობრები თეატრიდან გამოთავისუფლებულ დროს ვიპოვიდით, ფასანაურში მივდიოდით. სუფრასთან მომლხენი იყო იაშა, სადღეგრძელოები ჰქონდა სიტყვაკაზმული და უთუოდ ლექსით დამშვენებული. ჩვენი ფასანაურული საღამოები გულიდან ამოღიღინებული  სიმღერებითა და არაგვის ტკბილი მისამღერით გვირგვინდებოდა. წარმოუდგენელიც კი იქნებოდა, არაგვის ხეობაში გაზრდილ კაცს სხვაგვარი ცხოვრება აერჩია.“

 

ირაკლიც ბატონ იაშას ჰგავს, დროის მოხელთებისთანავე თავის „ბიჭებს“ შეკრეფს ხოლმე და მთიულეთში „გარბიან“... იქ ხომ სხვა სამყაროა... სხვა ჰაერი... სხვა ხალხი. 

 

სწორედ ამას ეხმიანება რაფიელ ერისთავის ეს სიტყვებიც:

 

„ბარად რომ ვიყო ლაღადა,

 

სული მთისაკენ იხარის,

 

სალი კლდე ანდამატივით

 

გულს სულ იქითკენ იხარის.“

 

მსახიობის პორტრეტის შექმნას გავაგრძელებ თემურ ბაბლუანის სიტყვებით: „ბატონი იაშა იყო უაღრესად განათლებული და მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მატარებელი პიროვნება. გოდერძი ჩოხელის ბიძა გახლდათ, რომელსაც შვილივით პატრონობდა. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი სიამაყით მითხრა გოდერძიმ: მე ძია იაშა მყავს!“

 

წიგნში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ბატონი იაშას მეხსიერებაზე. ნახეთ, რას ამბობდა მართლაც საოცარი მეხსიერებით განთქმული კოტე მახარაძე: „...არც კი მეგულება მეორე ქართველი მსახიობი, რომელსაც შეეძლო, თვალის ერთი გადავლებით შეეთვისებინა ტექსტი და უმალვე სცენაზე გასულიყო... ტვინის უჯრედების ამგვარი წყობა და ასეთი მკვირცხლი აზროვნება, არასოდეს შემხვედრია. არც მე მაქვს ურიგო მეხსიერება, მაგრამ იაშა რაღაც ფენომენალური მოვლენა იყო.“

 

ბატონმა იაშამ სიყვარულიც ფენომენალური იცოდა და მის ერთსა და განუმეორებელ ნაზიკო მაისურაძეს, თავის ულამაზეს მეუღლეს, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. ასეთ ერთგულებასა და სიყვარულში გაიზარდნენ მათი შვილებიც, სოსო და ირაკლი. სოსო, სამწუხაროდ, 2009 წელს გარდაიცვალა.

 

სანამ ზემოხსენებული მოვლენები განვითარდებოდა, მანამ:

 

1919 წლის 31 დეკემბერს, მთიულეთის ისტორიულ თემში - გუდამაყარში, დაიბადა პოლონური წარმომავლობის დიდი ქართველი მსახიობი, სცენარისტი და მთარგმნელი, საქართველოს სახალხო არტისტი იაკობ (იაშა) ტრიპოლსკი. ამ გვარს ატარებდნენ პოლონელი წარჩინებულები, რომელთა უმეტესობა პოლონური შლიახტის წარმომადგენელი იყო. ბატონი იაშას პოლონელი წინაპრები 1830 წლიდან ჩასახლდნენ „ღრმა და კლდოვან საჯიხვოში“, სადაც პაპამისმა, რომელიც საგზაო ინჟინერი იყო, ფასანაურში სახლი აიშენა და მლეთა-ფასანაურის სამხედრო გზაზე დამცავი ჯებირების მშენებლობას შეუდგა. პაპა იაგორს, თურმე, მთელი მთიულეთი პატიოსანი კაცის სახელით იცნობდა. ხუთი წლის იაშას მამა მოუკლეს, დედამისი, ირინე წიკლაური კი 20 წლის დაქვრივდა და მთელი სიცოცხლე უმამოდ დარჩენილი ქალ-ვაჟის მოვლა-პატრონობას შეალია. გოდერძი ჩოხელი იხსენებდა: „დედაჩემი და ბებო ირინე ბევრი რამით ჰგავდნენ ერთმანეთს, თითქოს ბუნებას ელაპარაკებოდნენ და ბუნებაც პასუხობდა მათ. ძია იაშას მამა ფასანაურიდან თბილისში მოდიოდა ველოსიპედით. გაღმა ტყეში ვიღაც თოფიანი კაცი ყოფილა, თოფი გამოუშვერია, მოვარტყამ თუ ვერაო და ასე უბრალოდ მოკლა.“

 

ბატონმა იაშამ სკოლიდანვე დაიწყო მუშაობა, რათა დედას და ობოლ დას, ოლიკოს ოჯახის უთავკაცობა არ ეგრძნოთ. მერე სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უგამოცდოდ ჩაირიცხა უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტზე. მუშაობა არასოდეს შეუწყვიტავს და ერთხელაც, ვასილ ყუშიტაშვილმა, უნივერსიტეტის თეატრში მიიწვია, მთავარ როლზე. ის დღე გადამწყვეტი აღმოჩნდა ბატონი იაშას სამსახიობო კარისთვის.

 

1942 წლიდან ბატონი იაშა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ იმსახურა, უფრო მეტიც, იგი იმდენად სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ ენას, რომ  1955 წელს მის მიერ (მოსე ქარჩავასთან ერთად) თარგმნილი ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“  ლილი იოსელიანმა დადგა მარჯანიშვილის თეატრში. სპექტაკლის მხატვარი იყო ელენე ახვლედიანი, ხოლო მთავარ როლებს ასრულებდნენ: მედეა ჯაფარიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, ნოდარ მგალობლიშვილი და თავად ბატონი იაშა, რომლის თეატრალური როლები ლექსად „ჩამოგვითვალა“ პოეტმა ჯანსუღ ნიქაბაძემ:

 

„კაცურ სიცოცხლეს გიმადლის,

 

როგორც ყოველთვის, ახლაც:

 

კაც-ზვამბაია, ტიბალტი.

 

შენი გელა და ბახა!

 

ბესიკს, სემსა და ალუდას,

 

მალვოლიოს და დათას,

 

არა, არასდროს არ უნდა

 

ყალბი დიდება სხვათა.“

 

ბატონი იაშას არაერთი კინოროლი გვახსოვს, მათ შორის ფილმებიდან: „ქეთო და კოტე“, „ჭრიჭინა“, „მანანა“ და ა.შ. განსაკუთრებით გამოვყოფ მის მიერ არაერთხელ შესრულებულ სტალინის როლს, რაც ბელადთან მისი ფიზიკური მსგავსებით იყო განპირობებული.

 

ბატონი იაშას „პორტრეტის“ წერას კოტე მახარაძის სიტყვებით დავასრულებ: „აი, ასეთი გახლდათ ქართველი კაცი, გვარად ტრიპოლსკი - კაცს რომ თაფლი მისცა და ღმერთს სანთელი.“

 

68 წლის იაკობ ტრიპოლსკი გარდაიცვალა  1988 წელს. ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ვაჟი, ირაკლი იხსენებდა, მამამ მითხრა, ირა, ფულს ვერა, მაგრამ სახელს გიტოვებო... მართლაც მეამაყება, რომ დღემდე მამაჩემის სახელი ღირსებით მოიხსენიება.

 

2013 წელს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა იაკობ ტრიპოლსკისადმი მიძღვნილი საღამო. იქ მისულებს დაგვირიგდა გია გორგოძის მიერ  შედგენილი საუცხოო წიგნი "ჩემი ცხოვრების დაფანტული წლები". უამრავ ღვაწლმოსილ ადამიანთან ერთად, საღამოს ესწრებოდა დიდი ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ვანო კიღურაძე, რომელიც მისთვის მოულოდნელად მიიწვიეს სიტყვის სათქმელად. გამაოგნა მეცნიერის მეხსიერებამ. მან უშეცდომოდ ჩამოთვალა ბატონი იაშას მიერ შესრულებული როლები, რისი კულმინაციაც იყო შოთა ნიშნიანიძის „ფუტკრის“ საოცარი დეკლამაცია. იმ შთაბეჭდილების გავლენით,  ჩემს დღევანდელ მოგონებას მეც ამ ლექსის ერთი სტროფით დავასრულებ, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა ბატონ იაკობს:

 

„...თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს

 

მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი

 

იმაზე დიდი რა უნდა იყოს,

 

კაცს თაფლი მისცე, ღმერთს კი – სანთელი.“

 

 

~

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner