ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
არასოდეს „მიტრაბახია“, რამეთუ სადმე შევხვდებოდით თუ არა ერთმანეთს, თავად ამბობდა და საჯაროდ მადლობას მიხდიდა:
როცა დიდი ფეხბურთიდან წავიდა, ერთ ხანს განთიადში პოპულარული სპორტბაზის დირექტორად მუშაობდა და…
ერთხელ, შეხვედრისას გამომიტყდა, რომ ეს არ იყო „მისი“ ადგილი. ჩემს შეკითხვაზე, იმუშავებდა თუ არა ბავშვებთან, აღზრდიდა თუ არა მომავალ „ბარქაიებს“, სიხარულით დამთანხმდა და…
ორ კვირაში განათლების სამინისტრომ (სადაც მე მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი და მოსწავლეთა სპორტს უშუალოდ ვკურატორობდი) გაგრაში, სიომა ბარქაიას გაუხსნა „ბავშვთა სპეციალიზირებული საფეხბურთო სკოლა“. ცოტა ხნის შემდეგ კი, ისევ სიომასთვის, სოხუმში გავხსენით მეორე ასეთივე სკოლა. და როგორც თავად ამბობდა, ამ პერიოდში მან საკუთარი თავი ხელმეორედ აღმოაჩინა და მთელი ცხოვრება სულ მადლიერებით იხსენებდა ამ ფაქტებს.
მე კი ვამაყობდი იმით, რომ სპორტის სფეროში მომუშავე ზოგიერთი მაღალჩინოსნის ეგოისტური და ბრიყვული წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი სიჯიუტით და ძალისხმევით (1975-77 წლებში) შექმნილი რობერტ შავლაყაძის „მძლეოსნობის“, ჯემალ ცერცვაძის „ხელბურთის“, თემურ კაკულიას „ჩოგბურთის“, ლევან ჩხიკვაძის „კალათბურთის“, მიშა მესხის „ავაზას“ (ჩვენ სისტემაში გადმოვიტანეთ) სხვა სპეცსკოლებითან და კალათბურთის სპეცკლასების პარალელურად, სიომა ბარქაიას ეს ორი სკოლა აკეთებდა დიდ საქმეს ქართული სპორტის მომავლისთვის.