ბრაზილიაში პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლულამ ფიცი კონგრესში დადო. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ იბარებს გაკოტრებულ ქვეყანას, რომელშიც მისმა წინამორბედმა ჟაირ ბოლსონარუმ შიმშილი დააბრუნა. ლულამ ბოლსონარუ ბრაზილიელების გენოციდში დაადანაშაულა, კორონავირუსის პანდემიისადმი დამოკიდებულების გამო, რის შედეგადაც ქვეყანაში ვირუსისგან 680 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლულამ ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანას გააერთიანებს.
ცერემონიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიციელებმა დააკავეს კაცი, რომელსაც თან ასაფეთქებელი მოწყობილობა და დანა ჰქონდა.
თავად ბოლსონარუ ინაუგურაციას არ დასწრებია, პარასკევს ის აშშ-ში, ფლორიდაში გაემგზავრა, მანამდე კი სოციალურ ქსელებში განათავსა ვიდეო, რომელშიც ამბობს: „ბრძოლები წაგებულია, მაგრამ ომს არ წავაგებთ“.
ლულა ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას მესამედ იკავებს. ის ქვეყანას 2003-2010 წლებში მართავდა. შემდეგ კი ციხეში კორუფციის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, თუმცა მისი განაჩენი 2021 წელს გაუქმდა.