logo_geo
eng_logo
არაოლიმპიური სახეობების თამაშები
- +

4 იანვარი. 2023. 12:49

 

 

ფიცარში ლურსმნის თავით ჩაჭედების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, შვიდეულში ხუთი ადგილი უდავოდ ქართველების იქნება - მელია, ხაბეიშვილი, ვაშაძე (მეტსახელად „ჭიჭე“), მუმლაძე, მანჯგალაძე... ვარსკვლავთა ასეთ კრებულს აბა ვინ დაუდგება(!). უფრო შორსაც შემიძლია წავიდე და მტკიცებით ფორმაში განვაცხადო, რომ ადგილიდან ჩაჭედებაში შანსები თუ თანაბარია, გამოქანებით შუბლის დაძგერებაში ხაბეიშვილი (მეტსახელად „ხაბე“) უთუოდ უკონკურენტო იქნება. ჰოდა, თქვე კაი დედმამიშვილებო, როცა შეგიძლიათ რაღაცაში მსოფლიოში გამორჩეული იყოთ, ადექით და მაგას მიაწექით, რას აგიჩემებიათ, პოლიტიკა, პოლიტიკაო...

 

მავანი გამიპროტესტებს, ამის ჩემპიონატი რომ არ იმართება, საკითხის ასე დასმა „აპრიორი არარელევანტურიაო“. ჰმ, ადრე არც ფეხბურთში და არც შორს გადაფურთხებაში იმართებოდა მსოფლიო ჩემპიონატები და ახლა ხომ იმართება? შენც ადექი და მოიგონე, საქმით აჩვენე... ხომ შეიძლება, პირველობაზე მეოცნებე „პოლიტიკოსებმა“ პარლამენტის რომელიმე დერეფანში მოიყარონ თავი თავ-თავის გულშემატკივრებიანად, რათა კეზერვიზიების პირდაპირი ეთერებით აუწყონ სამყაროს, რა შესაძლებლობები გააჩნიათ ძარღვგაწყვეტილ შუბლებს.

 

სხვათა შორის, შორს გადაფურთხებაშიც საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება ქართველ „პოლიტიკოსთა“ პერსპექტივები. შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება არ გააჩნიათ, თორემ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს იმის აღიარება, რომ საბრძოლო ხელოვნების ეს უძველესი სახეობა მათი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოზირია. უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების შანსები შესაძლოა უფრო აღმატებულადაც ფასდებოდეს.

 

მაგალითად, რომელიმე დიდი ქვეყნის თუნდაც რიგით პოლიტიკოსს ის რომ გაეკეთებინა, რაც ჩვენმა პრეზიდენტად წოდებულმა იკადრა ახალი წლის წინა დღეებში, როგორც მინიმუმ, გინესების რეკორდმენობას გამოჰკრავდა ხელს ნომინაციაში - „საკუთარი ამომრჩევლისთვის ყველაზე სასტიკი სულში ჩაფურთხება“.

 

ქალბატონ სალომეს ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მის შტაბში რომ ათენებდნენ და აღამებდნენ, იმ ადამიანებიდან არც ერთი მეტყვის საყვედურს ჩემი მწარე სარკაზმის გამო. არ მეტყვის თუნდაც მოკრძალებულ - „ინსტიტუციას ეცით პატივიო“, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რომ ხსენებულ გამოხტომას არათუ გამართლება, არამედ ახსნაც არა აქვს და უწინარეს ყოვლისა, სწორედ ინსტიტუციისადმი უპატივცემულობის გამოხატულების მწვერვალად უნდა ფასდებოდეს. ამაზე მაღლა ვერ ახტები, ანუ ამაზე შორს ვერ გადააფურთხებ.

 

მაგრამ... არასოდეს თქვა არასოდეს... ერთი დამცველი კინაღამ ქალბატონ რეკორდსმენსაც აღმოაჩნდა. ბატონმა გოგიმ, ჩემმა კეთილმა მეზობელმა, ჰუმანიზმით აღსავსე კაცმა, ერთი პირობა სცადა, მოვლენისთვის სხვა ჭრილში შეეხედა და „ლაფსუსი“ ენობრივი პრობლემით აეხსნა - ფრანგულად გაზრდილმა ქალმა, შესაძლოა, „მომივარდით“ სიტყვის ფუძედ „ვარდი“ წარმოიდგინა და ჩვენი ყურისთვის მეტად უხერხული ნათქვამი მისთვის „სასახლის ეზოში ვარდებივით შემოეფინეთ“-ს ნიშნავდესო.

 

„არგუმენტის“ მეტი დამაჯერებლობისთვის, ბატონმა გოგიმ დიდი სეხნიის, ყველასთვის საყვარელი გოგი ცაბაძის ცხოვრებიდან მოიტანა მაგალითი: დიდ ქართველ კომპოზიტორს რუსული განათლება ჰქონდა და თურმე, ქართულ გამონათქვამებში არცთუ იშვიათად აიბლანდებოდა ხოლმე. ერთხელ, რთულ შეხვედრაზე მიმავალი ახლობელი დაურიგებია - იცოდე, შენებურად არ დაუყვავოო.

 

დიდი ავტორიტეტისგან გულმოცემულ ახლობელს იქ ქვა ქვაზე არ დაუტოვებია და საქმე უფრო გართულებულა. ბატონ გოგის ეს რომ გაუგია, ახლობლისთვის უსაყვედურია, რა გაჩხუბებდაო? თქვენ არ მითხარით, არ დაუყვავოო - თავი უმართლებია ახლობელს. აღმოჩნდა, რომ ქართულის ცუდად მცოდნე შემოქმედს მისი დანაბარების ფუძე სიტყვა „ყვავი“ ჰგონებია და თურმე ნათქვამში გულისხმობდა - „შენებურად არ დასჩხავლოო“.

 

მადლობას ვუხდი ჩემ კარგ მეზობელ, ბატონ გოგის, ერთი მხრივ, დიდსულოვნებისთვის და მეორე მხრივ, ჩემ გაოცების გამომხატველ წარბების აწევაზე სწრაფი რეაგირებისთვის -   ხელების აწევით მანიშნა, გეთანხმები, ეს ის შემთხვევა არ არისო.

 

უნდა ვაღიარო, ხანდახან გულუბრყვილება მეც მომერევა ხოლმე. მაგალითად, იმედი მქონდა, რომ მადამ „პრეზიდენტზე“ მისი ახლო გარემოცვა (იმ მძიმე წუთებში მის გვერდით მდგომი, ბატონი დავით თევზაძე; მისი განუყრელი მეგობარი, ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი, რომელსაც ყველაზე კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს შვილმკვდარი დედა; ან იმ სამარცხვინო კადრების ასახვაზე მოფუსფუსე, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული გია აბდალაძე და სხვ.) მოახდენდა სათანადო ზემოქმედებას და აიძულებდა ამ და სხვა უამრავ ანტისახელმწიფოებრივ „შეცდომათა“ გამო, ეფიქრა პოსტის დატოვებაზე. გულში მცირე ნაპერწკალი მიღვიოდა, რომ ამის ნიშანი საახალწლო მოლოცვისგან თავის შეკავება გახდებოდა. შენც არ მომიკვდე! - „განვლილ წელიწადში რაც იყო იყო, არ მინდა ახლა ამას ჩავუღრმავდეო“ - აქეთ დაგვამუნათა...

 

ეჰ, ბატონო ბიძინა, ბატონო ბიძინა, ასეთი უცოდინარისთვის და ვერაფრის გამგებისთვის, შეუქცევადად გაფრანგებულის, ანუ ვერგაქართველებულისთვის, როგორ გაიმეტეთ თუნდაც სიმბოლური, მაგრამ ესოდენ ჟღერადი სტატუსი? ალბათ, მისი დიდი წინაპრის, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში ყველაზე დიდი დამსახურების მქონე მამულიშვილის ღვაწლის მიმართ გსურდათ ამ სახით მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვა... ფაქტია, რომ ამ საქმიდან კარგი არაფერი გამოვიდა.

 

 

ბიძინა  დვალი

04.01.2023 წ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner