„2023 წლის იანვრიდან ძალაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. პრემიერის პრაგმატულმა, შედეგზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ, მთავრობას ხალხზე ზრუნვის დამატებითი შესაძლებლობა მისცა. ამოქმედებულ ცვლილებებს შორის აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება, მშვიდობის პოლიტიკა, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 2022 წელი მათი ბიზნესისთვის ერთ ერთი საუკეთესო იყო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრები და ა.შ. სახელმწიფოს ბიუჯეტში შევიდა დამატებითი შემოსავალი რაც სხვადასხვა სახით მოსახლეობაში და ეკონომიკაში ბრუნდება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძე იმ სიახლეებზე საუბრობს, რომლებიც ქვეყანაში 2023 წლიდან ამოქმედდა:
„ამოქმედებულ სიახლეებს შორის გამოსარჩევია:
პენსიების ზრდა - 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარი იქნება, სხვაგან კი 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.
ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით გაიცემა
საჯარო მოხელეები იანვრიდან 10%-ით გაზრდილ ხელფასებს აიღებენ
სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება
2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დაწესდა - მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება. ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული
„ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი დაწესდა, ზღვარი 26% იქნება
დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზარდა და ა.შ.“ - წერს ჩიხელიძე.