2023 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლება, გასული წლის შემოდგომაზე მობილიზებული 300 000 ადამიანის გარდა, კიდევ 500 ათასი ადამიანის მობილიზაციას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
მისი განცხადებით, მობილიზაციის ახალი ტალღა რუსეთში 15 იანვრის შემდეგ დაიწყება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს დასჭირდება დაახლოებით ორი თვე იმისთვის, რომ მოამზადოს სამხედრო ფორმირებები, ბრძოლის ველზე მოსკოვის წარმატება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კარგად იქნება შეიარაღებული რუსული ჯარი. სკიბიცკის თქმით, ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინისთვის დასავლური შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გაგრძელებაზე.
ხუკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ უახლოეს 6-8 თვეს „ბოლო მცდელობა“ უწოდა და განაცხადა, რომ თუ რუსეთი ამ ეტაპზე დამარცხდება, პუტინი კრახს განიცდის.
„ველოდებით, რომ ისინი შეტევაზე გადავლენ დონეცკის და ხარკოვის ოლქებში, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ოლქშიც. რაც შეეხება ხერსონსა და ყირიმს, აქ რუსეთი თავდაცვაზე იქნება კონცენტრირებული. სწორედ 500 000 ადამიანის მობილიზება დასჭირდება მათ ამ ამოცანების შესასრულებლად“, - განაცხადა სკიბიცკიმ.