ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.
დაკავებულებს - მოჰამად ქარამის და მოჰამად ჰოსეინის - ბრალად დემონსტრაციის დროს სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდათ.
ოფიციალური ინფორმაციით, ქარამიმ და ჰოსეინიმ თეირანის მახლობლად მდებარე ქალაქ კარაჯში მოკლეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ბასიჯის“ წევრი რუჰოლა აჯამიანი.
ირანის ხელისუფლებამ „ბასიჯის“ ქვედანაყოფი მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციების ჩასახშობად შეიყვანა, ისინი მომიტინგეებს არბევდნენ და აკავებდნენ, ხშირ შემთხვევაში კი დემონსტრანტები მათ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ.
მოჰამად ქარამის და მოჰამად ჰოსეინის დაკავების შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ისინი მკვლელობას აღიარებდნენ, თუმცა აქტივისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაკავებულებს დანაშაულის აღიარება აიძულეს.