აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრაზილიაში განვითარებული მოვლენები დაგმო და პრეზიდენტ ლულა და სილვას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ვგმობთ ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, კონგრესსა და უზენაეს სასამართლოზე თავდასხმას. დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის ძალადობის გამოყენება ყოველთვის მიუღებელია. ვუერთდებით ლუის ინასიო ლულა და სილვას ამ ქმედებების დაუყოვნებლის შეწყვეტის მოწოდებებში“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე.
ბრაზილიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.
„აშშ გმობს ბრაზილიაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ნებისმიერ მცდელობებს. პრეზიდენტი ბაიდენი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, ბრაზილიის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან ურყევია. ძალადობა ბრაზილიის დემოკრატიას ვერ შეარყევს“, - განაცხადა სალივანმა.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მომხრე დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა. ისინი ნაციონალური კონგრესისა და ფედერალური სასამართლოს შენობებში შეიჭრნენ, მოქმედი პრეზიდენტის რეზიდენცია კი ალყაში მოაქციეს.
დემონსტრანტები გაყალბებულს უწოდებდნენ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, რომლის შემდეგაც პრეზიდენტის პორტფელი ლულა და სილვამ გადაიბარა. აქციის დროს პრეზიდენტი ლულა და სილვა სამუშაო ვიზიტით სან-პაულუში იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა შექმნილი ვითარების ფონზე ერთთვიანი საგანგებო ვითარება გამოაცხადა.